კრიზისი უკრაინაში

იაცენიუკი: თუ გაზპრომი შეგვინარჩუნებს ფასს, 10 დღეში დავალიანებას გადავიხდით

არსენი იაცენიუკი

უკრაინის პრემიერი არსენი იაცენიუკი მოსკოვის მიერ წაყენებულ ულტიმატუმს გამოეხმაურა. გაზპრომი უკრაინისგან გაზის გაზრდილი საფასურის წინასწარ გადახდას მოითხოვს. უკრაინა დავის განხილვას არბიტრაჟში გეგმავს.

"რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, ათეულობით და ასეულობით მილიარდი დოლარის უკრაინის ქონება მიითვისა, მათ შორის, სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანიის ქონება, მათ ორ მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი მოგვპარეს. გაზპრომს გავუგზავნეთ შეტყობინება, რომ სასწრაფოდ ვითხოვთ კონტრაქტის გადახედვას საბაზრო პირობების მიხედვით. თუ რუსეთი უარს იტყვის, სტოკჰოლმის სასამართლოს მივმართავთ. თუ რუსეთი შეინარჩუნებს ფასს, რომელიც წლის დასაწყისიდან მოქმედებდა - 268 დოლარი ათას კუბურ მეტრში, მზად ვართ 10 დღეში დავალიანება გადავიხადოთ", - განაცხადა იაცენიუკმა.

გაზპრომმა კიევს რუსული გაზის მიწოდებისთვის თანხის წინასწარ და გაზრდილი ტარიფით გადახდა მოსთხოვა. მოსკოვი უკრაინისგან მილიარდ ექვსასი მილიონი დოლარის გადახდას ითხოვს. კიევი გაზრდილ ფასს არ აღიარებს და დაკისრებული დავალიანების გადახდაზე უარს ამბობს, რის გამოც ქვეყანას გაზის გარეშე დარჩენა ემუქრება. ევროკავშირი უკრაინას გაზის პრობლემის გადაწყვეტას თვის ბოლომდე ჰპირდება. ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის სამსახურმა განაცხადა.

კომენტარები