ასოცირების ხელშეკრულება

ხმალაძე: საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერისას პრეზიდენტი შეზღუდულია

კანონმდებლობით, სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების გარეშე საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერა პრემიერმინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეუძლიათ, - ამის შესახებ ტაბულას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ უთხრა.

ხმალაძის თქმით, კონსტიტუცია კი მხოლოდ პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის საკითხს არეგულირებს.

„პრეზიდენტი შეზღუდულია იმით, რომ საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხს მთავრობას უთანხმებს. პრემიერმინისტრს ხელმოწერა ყველანაირი შეთანხმების გარეშე შეუძლია“, - განმარტავს ხმალაძე.

რაც შეეხება ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხს, ვახტანგ ხმალაძის თქმით, ხელისუფლება თვითონ წყვეტს, პრემიერი ხელს რას მოაწერს, რას - პრეზიდენტი, რას - საგარეო საქმეთა მინისტრი, ან სხვა მინისტრი, ვისაც ხელმოწერის უფლება ეძლევა. 

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის თქმით, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი მოაწერს ხელს.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას 27 ივნისს ხელს მოაწერს.

.  

კომენტარები