ასოცირების შესახებ ხელშეკრულება

პეტრიაშვილი: ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მთავრობის ხელმძღვანელი მოაწერს

„ასოცირების შესახებ ხელშეკრულების იმპლემენტაციაზე პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობა იღებს, საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი იმაზე, რაზეც ევროკავშირთან მოილაპარაკა, შესაბამისად, ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი მოაწერს ხელს“, - ამბობს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი.  

პეტრიაშვილის თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, მისი დიდი ნაწილი ძალაში უახლოეს თვეებში შევა. როგორც სახელმწიფო მინისტრი აღნიშნავს, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებში ხელშეკრულების რატიფიკაციას არ დაელოდება და ხელშეკრულების განხორციელებას, ქვეყნის მოდერნიზაციის გეგმის აღსრულებას დაიწყებს.  

„გარწმუნებთ, რომ ევროკავშირში სრული ერთსულოვნებაა იმის შესახებ, რომ ხელშეკრულება ძალაში შეძლებისდაგვარად სწრაფად შევიდეს. როგორც ჰერმან ვან რომპუიმ განაცხადა, ეს პირველ რიგში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ქვაკუთხედია. ამავე დროს, ეს საბოლოო შედეგი არ არის, უფრო მეტიც, ეს იმ მნიშვნელოვანი ინტეგრაციული პროცესის დასაწყისია, რომელიც საბოლოო ჯამში საქართველოს ევროკავშირის წევრობამდე მიიყვანს“, - აღნიშნავს ალექსი პეტრიაშვილი. 

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას 27 ივნისს ხელს მოაწერს.

კომენტარები