ასოცირების შესახებ ხელშეკრულება

ბეჟაშვილი: პრემიერის მიერ ხელშეკრულების გაფორმება კანონის ფარგლებს არ ცდება

„ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაში ბევრი ისეთი საკითხია ჩადებული, რომელიც მთავრობის კომპეტენციად განისაზღვრება და ვალდებულებები მთავრობას დაეკისრება. ამიტომ, პრემიერმინისტრის მიერ ამ ხელშეკრულების გაფორმება კანონის ფარგლებიდან არ გადის“, - ამბობს საპარლამენტო უმცირესობის ლევან ბეჟაშვილი.

ბეჟაშვილის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტი ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს, მას მთავრობასთან შეთანხმებით სახელმწიფოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოების და ხელშეკრულების დადების უფლება აქვს.

„არის საკითხები, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებში მთავრობის კომპეტენციაა, ამიტომ ვფიქრობ, დიდი წინააღმდეგობა არ იქნება“, - აღნიშნავს ბეჟაშვილი.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის თქმით, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი მოაწერს ხელს. 

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას 27 ივნისს ხელს მოაწერს.

კომენტარები