ჰერმან ვან რომპუის ვიზიტი

ღარიბაშვილი: რომპუის ვიზიტი ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის დემონსტრირებაა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპუი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ევროკავშირთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტამდე განსახორციელებელი გეგმები განიხილეს.

ღარიბაშვილმა რომპუის საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც პრემიერმა თქვა, ეს საქართველოსადმი ევროკავშირის განსაკუთრებულ ინტერესს კიდევ ერთხელ ადასტურებს და ევროკავშირის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირებაა.

პირისპირ საუბრის შემდეგ შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. როგორც პრემიერის პრესსამსახური იტყობინება, მხარეებმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს. ამასთან, პრემიერმინისტრმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება რეფორმების გასააქტიურებლად მზად არის, რათა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებისთვის მტკიცე საფუძველი მოამზადოს.

კომენტარები