ჟენევის მოლაპარაკებები

დავით ზალკალიანი ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა

ქართული მხარე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი ხელმძღვანელობდა. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს 17-18 ივნისს დაგეგმილ 28-ე რაუნდზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.

"ქართულმა მხარემ თანათავმჯდომარეებს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და შეშფოთება გამოთქვა უკანასკნელ პერიოდში უკანონო დაკავებების ტენდენციის გაძლიერების გამო, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს. აღნიშნულ კონტექსტში, საქართველოს დელეგაციამ ხაზი გაუსვა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის მონიტორინგის მნიშვნელობას", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დროს ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის მხრიდან საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებული სამართლებრივი ვალდებულების საპასუხოდ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღების აუცილებლობა.

კომენტარები