კრიზისი უკრაინაში

შტაინმაიერი: 25 მაისის არჩევნები გადამწყვეტი იქნება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევს ეწვია. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მისია ეუთოს მიერ შემუშავებული ე.წ. საგზაო რუკის მხარდაჭერაა, რომელიც უკრაინაში კრიზისის მოსაგვარებლად ეროვნული დიალოგის გამართვას ითვალისწინებს. მინისტრის განცხადებით, უდიდესი მნიშვნელობა ექნება 25 მაისის პრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას.

"ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ 25 მაისის არჩევნები გადამწყვეტი იქნება. ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და ძალიან მნიშვნელოვანია, ამ არჩევნებში რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა. იმედია, ამ პირობებში შევძლებთ გადავდგათ ნაბიჯები დაკავებული შენობების გასათავისუფლებლად და უკანონო ფორმირებების განიარაღებისთვის, ასევე მძევლების გათავისუფლებისთვის" - თქვა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

უკრაინის პრემიერმინისტრის არსენი იაცენიუკის თქმით კი, საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, მათი პოზიცია იგივე რჩება - ფორმატში ოთხი მხარე უნდა მონაწილეობდეს - უკრაინა, შეერთებული შტატები, ევროკავშირი და რუსეთი.

ამასთან, უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ მზადაა დიალოგისთვის რეგიონების წარმომადგენლებთან, მაგრამ მოლაპარაკებებს არ აპირებს ტერორისტებთან.

"უკრაინას ევროპული ინტეგრაციისა და სტაბილიზაციის გზაზე მრავალი პრობლემა აქვს, ამის მიზეზი რუსეთის აგრესიული პოლიტიკაა" - აღნიშნა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა. 

კომენტარები