კრიზისი უკრაინაში

იაცენიუკი: რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ტერორისტების მხარდაჭერა

არსენი იაცენიუკი

უკრაინის პრემიერმინისტრის არსენი იაცენიუკის განცხადებით, "რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ტერორისტების მხარდაჭერა". მისი თქმით, უკრაინის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს.

"რუსეთმა მოუწოდოს ტერორისტებს, დაყარონ იარაღი და გაათავისუფლონ შენობები, შეწყვიტოს ტერორისტების დაფინანსება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, იმის მიუხედავად, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიის ნაწილზე ეს რთული იქნება. გვსურს, კიევში ფართო მრგვალი მაგიდა მოვიწვიოთ, რომელშიც მთელი უკრაინა, ყველა რეგიონი მიღებს მონაწილეობას", - თქვა იაცენიუკმა.

ცნობისთვის, გუშინ, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ითხოვს. ამის შესახებ ე. წ. რესპუბლიკის თვითმარქვია ლიდერმა დენის პუშილინმა განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება რეფერენდუმზე ხალხის მიერ გამოხატული ნების შესაბამისად მიიღეს.

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში პრორუსი სეპარატისტების მიერ ჩატარებული უკანონო რეფერენდუმის შედეგით, მონაწილეთა 89%-მა მხარი ე.წ. დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის აღიარებას დაუჭირა. სეპარატისტების ცნობით, რეფერენდუმში ამომრჩეველთა აქტივობა 75% იყო.

ლუგანსკის ოლქში ჩატარებული შედეგებითაც, მონაწილეთა 94%-მა მხარი დაუჭირა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობას.

ოფიციალურმა კიევმა რეფერენდუმს "კრიმინალური ფარსი" უწოდა. მათი განცხადებით, ეს იყო არალეგალური, კრემლის მიერ ინსპირირებული, ორგანიზებული და დაფინანსებული რეფერენდუმი.

კომენტარები