ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ

ეს შენ გეხება: ყველამ უნდა იზრუნოს, რომ შეწყდეს ფარული ჩანაწერებით მანიპულაცია

კამპანიაში - ეს შენ გეხება - გაერთიანებული ორგანიზაციების შეფასებით, რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ დაამტკიცა, რომ საქართველოში კვლავაც მწვავედ დგას ფარულ თვალთვალთან და მიყურადებასთან დაკავშირებული პრობლემა. მათი განცხადებით, საზოგადოების და ხელისუფლების საბოლოო მიზანი უნდა იყოს, რომ საქართველოში შეწყდეს ფარული ჩანაწერებით მანიპულაცია და მათი გასაჯაროვება. არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ ამაზე ყველა ჩართულმა მხარემ უნდა იზრუნოს.

"ერთის მხრივ, მთავრობამ სიღრმისეული რეფორმები უნდა გაატაროს სამართალდამცავ სისტემაში, ხოლო, მეორეს მხრივ, მედიამ უნდა გამოხატოს პრინციპული პოზიცია და მომავალში მაქსიმალურად თქვას უარი პირადი ინფორმაციის შემცველი ფარული ჩანაწერების გავრცელებისგან" - აცხადებენ ორგანიზაციები.

ამასთან, არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ  ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობაზე შესაძლო ფარულ თვალთვალთან დაკავშირებით, აუცილებელია, გამჭვირვალე და ობიექტური გამოძიების ჩატარება. მათივე შეფასებით,  მოვლენები უფრო მძაფრ ხასიათს იძენს საქართველოში ადგილობრივი არჩევნების მოახლოების ფონზე.

კამპანიაში - ეს შენ გეხება გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ყველა მხარის ძალისხმევაა საჭირო, რათა საქართველოში შეიქმნას თვალთვალისა და მიყურადების თანამედროვე სისტემა, რომელიც გამორიცხავს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოტივით, ადამიანების პირადი ცხოვრების ხელყოფას და მათი პირადი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას.

მათი აზრით, ამ მიზნით, მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ უმოკლეს პერიოდში გადადგას ქმედითი ნაბიჯები და არაორაზროვნად გამოხატოს მტკიცე პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ შეიცვალოს ფარულ თვალთვალთან და მიყურადებასთან დაკავშირებით არსებული არაჯანსაღი სისტემა. არასამთავრობოების განცხადებით, მნიშვნელოვანია, მოსახლეობაში გაჩნდეს ნდობა ახალი სისტემის მიმართ, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას და, მეორე მხრივ, მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას.

"საქართველოს პარლამენტმა უსწრაფეს ვადებში მიიღოს ერთი წლის წინ ინიცირებული და საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოწონებული კანონპროექტი. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით შემოთავაზებული რეგულაციების ამოქმედების შემთხვევაში, საქართველოში შეიქმნება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პრინციპებზე დაფუძნებული კანონმდებლობა, რომელიც ევროპული და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის გარანტია იქნება. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

სამართალდამცავმა უწყებებმა შეწყვიტონ პროგრესული კანონმდებლობის მიღების მიმართ წინააღმდეგობა და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა იმასთან დაკავშირებით, რომ კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას. იმედია, საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის დროს მაინც შსს და საქართველოს პროკურატურა დაასახელებენ კონკრეტულ მუხლებს, რომლებიც ასეთი საფრთხის შემცველია.

პოლიტიკურმა პარტიებმა თავი შეიკავონ კამპანია „ეს შენ გეხებას“ პოლიტიზების მცდელობისგან და აღნიშნული საკითხის წინასაარჩევნო კონტექსტში გამოყენებისგან. ვფიქრობთ, რომ როგორც წინა, ასევე დღევანდელ ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოში თვალთვალისა და მიყურადების მარეგულირებელ კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებსა და სამართალდამცავ უწყებებში არსებულ პრაქტიკაზე.

მედიასაშუალებებმა გაითვალისწინონ, რომ დღეს ქვეყანაში არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის დაცვას და სამართალდამცავების ქმედებების ეფექტურ კონტროლსა და მონიტორინგს. ყოველივე ამის გამო, ხშირია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების სამწუხარო პრაქტიკა. სწორედ ამიტომ მედიასაშუალებები ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ საზოგადოების წინაშე. ვიზიარებთ, რომ კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლის ცოდნაც აუცილებელია ადამიანისათვის დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განსახორციელებლად. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის მეტად სენსიტიური ინფორმაციის ხშირად გავრცელებისას მედიასაშუალება არ გახდეს იარაღი სხვა დაინტერესებული ჯგუფების ხელში, რომელთაც, შესაძლოა, არა საზოგადოებრივი, არამედ ვიწრო პარტიული ან სხვა სახის ინტერესი (მათ შორის უშიშროებასთან დაკავშირებული) ამოძრავებდეთ" - აცხადებენ კამპანიაში "ეს შენ გეხება - ისევ გისმენენ" ჩართული ორგანიზაციები.

ამასთან, პარლამენტში უკანონო თვალთვალთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა იწყება. სხდომებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრებიან. ფარული მიყურადების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს საქართველოს პარლამენტი სავარაუდოდ მიმდინარე კვირაშივე დაამტკიცებს. 

რამდენიმე დღის წინ, რუსთავი ორის გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში ფარული სატელეფონო ჩანაწერები გამოქვეყნდა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთთან, ოპოზიციასთან და ბიზნესმენებთან საუბრობენ.

კომენტარები