ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ

პრემიერი: ეს შენ გეხება-ს წარმომადგენლებისთვის ძირგამომთხრელები არ მიწოდებია

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კამპანია ეს შენ გეხება - ისევ გისმენენ წარმომადგენლების მიმართ, შესაძლოა, მართლაც მძიმე სიტყვები გამოყენა. ამის შესახებ ღარიბაშვილმა იმედის გადაცემა რეაქციაში განაცხადა და აღნიშნა, რომ მოსმენების შესახებ კანონის მიღებას საქართველოს ხელისუფლება ისედაც აპირებს და არასამთავრობოების კამპანია ღია კარის მტვრევაა.

 "მართლაც ვაღიარებ, რომ შეიძლება, ძალიან მძიმე სიტყვები ვიხმარე, მაგრამ მე ეს კარგად განვმარტე. მე მათ არ ვუწოდე ძირგამომთხრელები, როგორც ამას თავად ამბობენ, მე ვთქვი, რომ მსგავსი კამპანია უბრალოდ იმიჯს ულახავს ქვეყანას და აზიანებს, მით უმეტეს – მაშინ, როცა ხელისუფლებას და მთავრობას აქვს მტკიცე პოლიტიკური ნება და სურვილი, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოაწესრიგოს ეს რეგულაციები და ისეთი სისტემა შექმნას, რომლის პირობებში ვერავინ ვეღარ შეძლებს უკანონო მოსმენებს“, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტი ძალიან მალე იქნება მიღებული.

"ჯერ კიდევ გასულ წელს ჩვენ დავიწყეთ კანონპროექტზე მუშაობა, იყო სერიოზული პროგრესი, ამის მერე გვქონდა არაერთგზის მცდელობა, რომ გაგვემართა კონსულტაციები აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ჩვენ ეს მოვახერხეთ. კერძოდ, მე დავავალე ორი თვის წინ ჩემს მრჩეველს მინდია ჯანელიძეს, შეექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას გაუწევდა აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობას. ამ ჯგუფმა საკმაოდ წარმატებულად იმუშავა, რა თქმა უნდა, ჩართული იყო პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი და მათთან ერთად, შეჯერდნენ კანონპროექტის საბოლოო ვარინატზე, რომელიც ძალიან მალე იქნება მიღებული. მე აბსოლუტურად ადამიანურად გამიკვირდა ის აგრესიული კამპანია და ამის საჭიროება ვერ დავინახე, როცა ხელისუფლება მოწოდებული და მოტივირებულია კანონის მისაღებად და სისტემის მოსაწესრიგებლად, რატომ იყო საჭირო ღია კარის მტვრევა? ერთადერთი მიზეზი, რის გამოც გავაკრიტიკე აღნიშნული არასამთავრობოები, იყო შემდეგი - ჩვენ ისედაც ვაპირებდით და ვაპირებთ ამ კანონის მიღებას და აღარ იყო საჭირო ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა - ეს იმიჯს ულახავს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ერთი მხრივ, გასულ წელს სამუდამოდ გავანადგურეთ და უარი ვთქვით უკანონო მოსმენა-თვალთვალზე. მეორე მხრივ კი, არასამთავრობოები, რომელთაც მე პატივს ვცემ, ასეთ აგრესიულ კამპანიას აწარმოებენ. მე მიმაჩნია, რომ ეს გადამეტებული იყო და არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენდა" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფმა უკანონო მოსმენების წინააღმდეგ კამპანია "ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ" 6 მარტს დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციები ფარული მიყურადების საკითხზე პარლამენტში ერთი წლის წინათ ინიცირებული კანონპროექტის მიღებას ითხოვენ.  

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 მაისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ “კამპანია, რომ დღეს ყველას უსმენენ, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულია და ამის არავითარი საჭიროება არ არსებობს”. მისი თქმით, "ეს ადამიანები რეკლამებში ათასობით ლარს ხარჯავენ იმისთვის, რომ  ქვეყნის იმიჯი შეარყიონ. ამას მე ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას ვუწოდებ".

კომენტარები