უკანონო რეფერენდუმი უკრაინაში

სეპარატისტები: დონეცკში 89%-ს, ლუგანსკში 94%-ს უკრაინისგან გამოყოფა უნდა

Evgeniy Maloletka / AP

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში პრორუსი სეპარატისტების მიერ ჩატარებული უკანონო რეფერენდუმის შედეგით, მონაწილეთა 89%-მა მხარი ე.წ. დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის აღიარებას დაუჭირა. სეპარატისტების ცნობით, რეფერენდუმში ამომრჩეველთა აქტივობა 75% იყო.

ლუგანსკის ოლქში ჩატარებული შედეგებითაც, მონაწილეთა 94%-მა მხარი დაუჭირა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობას.

ოფიციალურმა კიევმა რეფერენდუმს ”კრიმინალური ფარსი” უწოდა. მათი განცხადებით, ეს იყო არალეგალური, კრემლის მიერ ინსპირირებული, ორგანიზებული და დაფინანსებული რეფერენდუმი.

ევროკავშირმა კი გაავრცელა განცხადება, სადაც რეფერენდუმს არალეგალური უწოდა. მათი განცხადებით, შედეგებს ორგანიზაცია არ აღიარებს.

მოსკოვის განცხადებით კი, ის პატივს სცემს რეფერენდუმის შედეგებს და კიევსა და უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები კი დღეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მიიღებენ. გავრცელებული ინფორმაციით, სიას დაემატება რამდენიმე რუსი მაღალჩინოსნის გვარი და რუსული კომპანია.

შეერთებული შტატები კი რუსეთს უკრაინის საკითხში მოწინააღმდეგედ მოიხსენიებს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა განაცხადა. მისი თქმით, რუსი ჯარები ისევ უკრაინის საზღვრებთან არიან და პუტინის განცხადება, რომ ისინი საზღვრებს ტოვებენ სიმართლეს არ შეესაბამება.

"ჩვენ რუსეთს მტრის კატეგორიაში ვერ შევიყვანთ, რადგან მათთან ომი არ გვაქვს.თუმცა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ის ჩვენი მოწინააღმდეგეა. რუსეთი განაგრძობს საკუთარი თავის იზოლაციას, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მან შეიძლება თავი გამარჯვებულად იგრძნოს. თუმცა, მსოფლიოში მოვლენები მოკლევადიანი პერსპექტივით არ ხდება", - თქვა ჰეიგელმა.

კომენტარები