უკანონო მოსმენები

პრემიერი: რუსთავი 2-თან დაკავშირებით, ჩვენი ხელისუფლება არაფერ შუაშია

საქართველოს მთავრობა

"რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებით, ჩვენი ხელისუფლება არაფერ შუაშია" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმედის გადაცემა რეაქციაში, ინგა გრიგოლიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, პროკურატურას უნდა მიეცეს საშუალება, რომ ობიექტურად და მშვიდ გარემოში აწარმოოს გამოძიება.

"დაე, დაადგინოს გამოძიებამ ობიექტური სიმართლე. ჩემი ინფორმაციით, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება არავითარ კავშირში არ არის ამ დაგეგმილ სპექტაკლთან" - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ში აღმოჩენილი სათვალთავალო ვიდეოკამერების დამონტაჟება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირა. პროკურატურის ინფორმაციით, რუსთავი 2-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თეიმურაზ კოვზიაშვილმა, რომელიც სამსახურიდან  7 მაისს გაათვისუფლეს, გამოძიებას კადრები გადასცა. უწყების ცნობით, ვიდეომასალა 2012 წლის 21 დეკემბერს არის ჩაწერილი და მასში ასახულია ყოფილი პრეზიდენტის დაცვის სამსახურის წევრები, რომლებიც ნიკა გვარამიას და ნინო შუბლაძის სამუშაო ოთახებში მუშაობენ. მოწმის განცხადებით, მან მომდევნო პერიოდში ტელეკომპანიაში ფარული ჩამწერი მოწყობილობის მონტაჟის კვალი აღმოაჩინა.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით კი, საქართველოს პროკურატურამ დღევანდელი განცხადებით დაადასტურა, რომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობაზე ფარული მიყურადების ავტორი სწორედ საქართველოს ხელისუფლებაა. ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობაზე თვალთვალის უშუალო ორგანიზატორი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, მას და გადაცემა პოზიციის წამყვანს ნინო შუბლაძეს ფარულად იწერდნენ. ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის გუნდთან ერთად, საგანგებო განცხადება 6 მაისს გააკეთა. მისი ცნობით, ვიდეომასალა შსს-დან გაუგზავნეს. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ინფორმატორის ვინაობას არ ასახელებს. 

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, კერძო საუბრების, კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.

იმავე დღეს, საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რუსთავი 2-ს იმპროვიზაციის კარგი უნარი აქვს, განსაკუთრებით აქტიურობს და ინიციატივებს იჩენს. 

კომენტარები