ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელია ნარმანიას ტელედებატებში იწვევს

ნიკა მელია
epn.ge

თბილისის მერობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან ნიკა მელია დავით ნარმანიას ტელედებატებში იწვევს. როგორც მელიამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დღევანდელ კონფერენციაზე განაცხადა, მას სურს თბილისელებს გაცნობიერებული არჩევანის გაკეთების საშუალება მისცეს.

„მინდა ტელედებატებში გამოვიწვიო ჩემი კონკურენტები, განსაკუთრებით კი მთავრობის კანდიდატი ნარმანია. დარწმუნებული ვარ, მოვახერხებთ ღირსეულ და კორექტულ კამათში წარმოვუდგინოთ თბილისელებს ჩვენი გეგმები და სწორედ ასე მივცეთ თბილისელებს გაცნობიერებული არჩევანის გაკეთების საშუალება. თბილისი ამას იმსახურებს", - განაცხადა მელიამ.

კანდიდატმა საკუთარ საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა. მისი თქმით, მისი პრიორიტეტები სოციალური შეღავათები, გადასახადების შემცირება და შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტების განახლება იქნება.

"პირველ რიგში მოხდება გადასახადების შემცირება, რაც ბიზნესს მისცემს საშუალებას გაფართოვდეს და მეტი ადამიანი დაასაქმოს. მოხდება საწვავზე და გაზზე აქციზური გადასახადების გაუქმება. ბიზნესთან დაკავშირებული დარღვევების და გადაცდენის ამნისტია მოხდება. გარდა ბიზნესის ხელშეწყობისა, თავად სახელმწიფოც ქმნის სამუშაო ადგილებს. ვგულისხმობ რეალურ სამუშაო ადგილებს, რომელსაც სახელმწიფო ქმნის დიდი პროექტების განხორციელებით. მოხდება შეჩერებული პროექტების განახლება, ისეთი პროექტების, როგორიც არის თბილისიდან რკინიგზის გადატანა, გზების მშენებლობის მეორე ტალღა და ა.შ.", - აღნიშნა მელიამ. 

მელიას განცხადებთ, თბილისს "არავინ უნდა დაუსვას" ქალაქის მერი. "ვერც ერთი ავტორიტეტი ვერასოდეს გადაწყვეტს ვინ იქნება დედაქალაქის მმართველი. ვერავინ ვერავის დანიშნავს პირადი ერთგულებისა და მორჩილების მიზნით. არჩევანი ჩვენზეა, ხალხზე და მე მჯერა გამარჯვების, როგორც არასდროს. ბოლო წლებში თბილისში ბევრი რამ გაკეთდა, ქალაქი უფრო კეთილმოწყობილი გახდა, მაგრამ ახლაც ბევრ პრობლემასთან უწევთ თბილისელებს გამკლავება. მათი უმთავრესი პრობლემა სამუშაო ადგილებია. ახალი სამუშაო ადგილები კი არ იქმნება, არამედ, მთავრობის უნიათობის გამო არსებულიც კი იკარგება. ეკონომიკა შეჩერებულია, ხალხს დიდ პრობლემას უქმნის განუვითარებელი ინფრასტრუქტურა, გაზრდილი კრიმინალი. მთავრობა უნიათო და არაკომპეტენტურია და დაპირებებს ვერ ასრულებს. თბილისი უნდა ავამუშაოთ, სამუშაო ადგილები შევქმნათ და ამისთვის გვაქვს კონკრეტული გეგმა", - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კომენტარები