კრიზისი უკრაინაში

პუტინის მოწოდების მიუხედავად, სეპარატისტები რეფერენდუმს მაინც ჩაატარებენ

ვლადიმირ პუტინის მოწოდების მიუხედავად, პრორუსმა სეპარატისტებმა დონეცკსა და ლუგანსკში განაცხადეს, რომ რეგიონის სტატუსის შესახებ ე.წ. რეფერენდუმს 11 მაისს მაინც ჩაატარებენ. ამის შესახებ რუსულ საინფორმაციო სააგენტოებს სეპარატისტების წარმომადგენლებმა განუცხადეს. უკრაინაში უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ თავის მხრივ განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სეპარატისტები, ანტიტერორისტული ოპერაცია მაინც გაგრძელდება.

უკრაინის საგარეო უწყებამ კი განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინის გუშინდელი განცხადებები იმის შესახებ, რომ იგი სეპარატისტებს ე. წ. რეფერენდუმის გადადებისკენ მოუწოდებს და უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებს მიესალმება, ფარსია. რუსეთის პრეზიდენტმა კიევს სამხედრო ოპერაციის შეწყვეტა და სეპარატისტებთან მოლაპარაკების დაწყება მოსთხოვა.

ოფიციალური კიევი მიჩნევს, რომ რუსეთის განცხადებებს არანაირი კავშირი არ აქვს კონფლიქტის მოგვარებასთან და სიტყვების ნაცვლად, მოსკოვმა ჟენევაში საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს. უკრაინის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ქვეყანაში სამოქალაქო ომი კი არ მიმდინარეობს ორ მხარეს შორის, არამედ აგრესია რუსეთის მხრიდან. 

უკრაინის პრემიერმინისტრმა არსენი იაცენიუკმა კი პუტინს ურჩია, ჰაერით ვაჭრობას თავი დაანებოს, რადგან 11 მაისისთვის უკრაინაში არანაირი რეფერენდუმი დანიშნული არ ყოფილა, ხოლო პუტინის მოწოდებები მასსა და მას დაქვემდებარებულ ტერორისტებს შორის, შიდა გარჩევას წარმოადგენს.

კომენტარები