უკანონო მოსმენები

გვარამია: პრემიერის მხრიდან ადგილი ჰქონდა უკიდურესად არასერიოზულ კომენტარს

ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარს რუსთავი 2-ს სკანდალურ განცხადებაზე არასერიოზულს უწოდებს. ამის შესახებ მან ტაბულას ეთერში, გადაცემაში ფოკუსი ისაუბრა.

”საერთოდ ვერ გავიგე პრემიერის კომენტარი. ერთადერთი, რასაც მივხვდი, არის ის, რომ ადგილი ჰქონდა, უკიდურესად არასერიოზულ კომენტარს მისი მხრიდან იმ საქმეზე, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს მედიაში ასეთი მასშტაბის სკანდალური ფაქტი იშვიათად მახსენდება. მგონია, რომ ასეთი ტიპის განცხადებები პრემიერის მხრიდან ჩრდილს აყენებს არა მხოლოდ მას, არამედ ქვეყანასაც. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც ხელისუფლებავე, მისივე სამართალდამცველი ორგანოების, პროკურატურის მეშვეობით აწარმოებს და ამ გამოძიებაში ახალ-ახალი მტკიცებულებები იკვეთება”, - თქვა გვარამიამ.

"რუსთავი 2-ს იმპროვიზაციის უნარი აქვს და ინიციატივას იჩენს"  - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანიის დღევანდელი განცხადება, რომლითაც რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობამ ხელისუფლება ფარულ მიყურადება/თვალთვალში დაადანაშაულა.  

"თქვენ გჯერათ? მე მგონი, აქაც არის ფარული კამერები", - თქვა პრემიერმა და რუსთავი 2-ის ჟურნალისტს მიმართა.

"ეს ტელევიზია განსაკუთრებით აქტიურობს. ახალი იდეები გაქვთ, იმპროვიზაციის უნარი გაქვთ, ინიციატივებს იჩენთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო რედისონში, თურქეთის პრეზიდენტ აბდულა გიულისთან შეხვედრამდე.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და გადაცემა პოზიციის წამყვანს ნინო შუბლაძეს ფარულად იწერდნენ. ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის გუნდთან ერთად, საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი ცნობით, ვიდეომასალა შსს-დან გაუგზავნეს. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ინფორმატორის ვინაობას არ ასახელებს.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

პროკურატურა რუსთავის 2-ის თანამშრომლებს მიმართავს, აქტიურად ითანამშრომლონ საგამოძიებო სამსახურთან, რათა უმოკლეს დროში მოხდეს გავრცელებული ვიდეოჩანაწერების წარმომავლობის და ამ შესაძლო დანაშაულში ჩართული პირების გამოვლენა და დადგენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, კერძო საუბრების, კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები