ლავროვი საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე

ლავროვი
novinite.com

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს სერგეი ლავროვს ვენაში ევროპის საბჭოს მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს - რა რეაქცია ექნება რუსეთს, როდესაც საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოაწერს?

ლავროვმა აღნიშნულ კითხვაზე უპასუხა - ”ჩემი პასუხი და რჩევაა - დაინტერესდით და ჰკითხეთ შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს, როგორი რეაქცია ექნებათ მათ, თუ საქართველოს მთავრობამ არ გააკეთა ის, რასაც მისგან ელოდებიან. არ მინდა უზრდელობაში ჩამითვალოთ, მაგრამ ამ შეკითხვის ადრესატები ისინი არიან, ჩვენ რეჟიმების შეცვლით და ფერადი რევოლუციების ორგანიზებით არ ვართ დაკავებული, მით უმეტეს ყავისფერი შეფერილობის“.

ლავროვის თქმით, გაუგებარია, რატომ უნდა დაისვას ეს შეკითხვა რუსეთის მისამართით, როდესაც უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში უარი კი არ თქვა, არამედ მხოლოდ გადადო ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა.

ლავროვმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის რეაქცია უკრაინის გადაწყვეტილებაზე იყო ისტერიკასთან მიახლოებული და მან ორგანიზება გაუწია პროტესტის მხარდაჭერას, რომელსაც სწრაფად მოექცნენ თავში რადიკალები და ამას სისხლისღვრა მოჰყვა. „ეს იყო არათანაზომადი რეაქცია”, - თქვა სერგეი ლავროვმა. მისივე ვარაუდით, სხვა ახსნა არ არსებობს გარდა იმისა, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა ”ერთხელ და სამუდამოდ დააშოროს უკრაინა რუსეთს და აიძულოს უკრაინა, გააკეთოს ხელოვნური არჩევანი“. რუსეთს კი არანაირი სურვილი არ ჰქონია ქვეყნის საქმეებში ჩარეულიყო.

კომენტარები