უკანონო მოსმენები

წულუკიანი: არ შეიძლება, ვინმეს უსმენდე უკანონოდ

თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, თუ რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობის დღევანდელი განცხადება უკანონო თვალთვალთან დაკავშირებით სიმართლეა, ფარული მიყურადების ავტორები მკაცრად უნდა დაისაჯონ. 

"ჩვენი მთავრობის მიმართულება არის ურყევი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ადამიანის უფლებების ერთ-ერთი კომპონენტი გახლავთ სწორედ გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და ყველა ის კომპონენტი, რომელიც კავშირშია შემდეგ აკრძალვასთან - არ შეიძლება ვინმეს უსმენდე უკანონოდ. ამიტომ, თუ ეს სიმართლეა, მაშინ უნდა დადგინდეს და ავტორები დაისაჯონ მკაცრად", - აღნიშნა წულუკიანმა.

მისივე თქმით, კარგია, რომ რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა წინა ხელისუფლების დროინდელი ფარული ჩაწერებისთვის დღეს ბოდიში მოიხადა.

"როცა ნიკა გვარამია თავად იყო ამ კულტურის დამამკვიდრებელი - სხვების მიყურადების და ფარულად კონტროლის, მაშინ, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებდა, რამდენად დიდი ზიანი ადგებოდა ცხრა წლის განმავლობაში ჩვენს დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს ამ ქვეყანაში. კარგია, რომ მან საზოგადოების წინაშე ამისთვის საჯაროდ მოიხადა ბოდიში", - დასძინა იუსტიციის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და გადაცემა პოზიციის წამყვანს ნინო შუბლაძეს ფარულად იწერდნენ. ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის გუნდთან ერთად, საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი ცნობით, ვიდეომასალა შსს-დან გაუგზავნეს. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ინფორმატორის ვინაობას არ ასახელებს. 

ამასთან, დღევანდელ ბრიფინგზე ნიკა გვარამიამ ბოდიში მოიხადა წინა წლებში ფარული ჩანაწერების გაკეთება/გავრცელების პრაქტიკის გამო.

"აუცილებლად მინდა გავიხსენო წინა წლებში მათ შორის ჩემი არცთუ პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით და ბოდიში მინდა მოვიხადო იმისთვის, რომ მონაწილეობა მაქვს მიღებული ამ მანკიერი პრაქტიკის ჩამოყალიბებაში. მართალია, ყველა ჩემთვის ცნობილი ყველა ჩანაწერი მოპოვებული იყო ლეგიტიმურად და მათი გავრცელება წარმოადგენდა სახელისუფლებო სრულ დისკრეციას, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაშინ არასწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული და ამგვარი პრაქტიკით შეილახა ძალიან ბევრი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. ამ პრაქტიკის გამო, ადამიანებმა, ვინც ფიგურირებდა ჩანაწერებში, მიიღეს მნიშვნელოვანი რეპუტაციული და მორალური ზიანი. წინა ხელისუფლების ამ მანკიერ ტრადიციას, რომელსაც თავადაც აღიარებს, სამწუხაროდ, განუხრელად  დაადგა ახალი ხელისუფლებაც, მიუხედავად არაერთი დაპირებისა, რომ პირველ რიგში, სწორედ ამ მიმართულებით მოხდებოდა რადიკალური პოზიტიური ცვლილებები", - აღნიშნა გვარამიამ.

კომენტარები