უკანონო მოსმენები

ჯაფარიძე: უკანონო ჩაწერაზე პასუხისმგებლობა ღარიბაშვილს ეკისრება

ზურაბ ჯაფარიძე
netgazeti.ge

ნაციონალური მოძრაობის წევრის ზურა ჯაფარიძის აზრით, რუსთავი 2-ში ვიდეოთვალთვალს, მაღალი ალბათობით, შსს აწარმოებდა, ამიტომ პასუხისმგებლობა იმჟამინდელ შს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ეკისრება.

„ის, რომ ეს ინფორმაცია გამოჟონილია შსს-დან, ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ამ ჩაწერას, მაღალი ალბათობით, ახორციელებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. შეგახსენებთ, მაშინ მინისტრი იყო დღევანდელი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ამიტომ, ჩვენი აზრით, სრული პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ეს ჩაწერა უკანონოდ ხორციელდებოდა რუსთავი 2-ში, არის პირადად ირაკლი ღარიბაშვილზე", - ამბობს ჯაფარიძე.

ამასთან, დეპუტატს იმედი არ აქვს, რომ შესაბამისი ორგანოები ამ საქმეს გამოიძიებენ:

„რაც შეეხება იმას, გვაქვს თუ არა იმედი, რომ საქმის გამოძიება მოხდება - არა, ასეთი იმედი ნამდვილად არ გვაქვს, იმიტომ, რომ უკანასკნელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში დაგროვდა ათეულობით საქმე, რომელიც არ არის გამოძიებული - როგორც არ გამოძიებულა ის, თუ ვინ ჩაუდო ნარკოტიკი და იარაღი თენგიზ გუნავას, ვინ დაავალა ქალბატონ ია ბარამიძეს მოსამართლის მოსმენის აპარატურის დაყენება, არ გამოძიებულა თათუხაშვილის საქმე, ბევრი სხვა საქმე, ისევე არ გვაქვს იმედი, რომ ეს საქმეც იქნება გამოძიებული".

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და გადაცემა პოზიციის წამყვანს ნინო შუბლაძეს ფარულად იწერდნენ. ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის გუნდთან ერთად, საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი ცნობით, ვიდეომასალა შსს-დან გაუგზავნეს. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ინფორმატორის ვინაობას არ ასახელებს. მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები