უკანონო მოსმენები

ტუღუში რუსთავი 2-ის თვალთვალზე: მეშინია, არ გაიხსნას პანდორას ყუთი

რადიო თავისუფლება

გაზეთ რეზონანსის დირექტორის ლაშა ტუღუშის განცხადებით, რუსთავი 2-ს ფარული ვიდეო-აუდიო მოსმენის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დროულად უნდა დაიწყოს.

„რაც სწრაფად მოხდება გამოძიება, უკეთესი იქნება. მეორე პრობლემაა - სისტემური ხასიათი. მეშინია, არ გაიხსნას პანდორას ყუთი და არ გადმოიყაროს ძალიან დიდი ნაგავი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გროვდებოდა სხვადასხვა უწყებებში“, - ამბობს ტუღუში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის თამარ რუხაძის განცხადებით კი, რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობის ფარულად მოსმენის საქმეზე ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას ელოდება.

"პირველი კითხვა, რომელიც ამ ვიდეოს ნახვისა და მოსმენის შემდეგ ჩნდება, არის ის, თუ როგორი იქნება ხელისუფლების ნაბიჯი უკვე დღესვე“, - ამბობს რუხაძე.

მისი თქმით, ეს კარგი ხარისხის ჩანაწერია, რომელიც ეჭვს ბადებს, რომ არ უნდა იყოს ერთი ადამიანის გონებითა და ტექნიკური ცოდნით გაკეთებული.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და გადაცემა პოზიციის წამყვანს ნინო შუბლაძეს ფარულად იწერდნენ. ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის გუნდთან ერთად, საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი ცნობით, ვიდეომასალა შსს-დან გაუგზავნეს. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ინფორმატორის ვინაობას არ ასახელებს.

კომენტარები