უკანონო მოსმენები

კოჟორიძე: როგორც ჩანს, შსს-ს მოპოვებულ ინფორმაციასაც სჭირდება დაცვა

Medianews

საია-ს თავმჯდომარის კახა კოჟორიძის განცხადებით, ერთი პრობლემაა ის, თუ რატომ ხდება თვალთვალი და მიყურადება, მეორე კი ის, რომ ინფორმაცია შსს-დან ჟონავს და მას დაცვა სჭირდება. 

"როგორც გავიგეთ, რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობის მიმართ ფარული მასალების წყარო შს სამინისტროს კონკრეტული თანამშრომელია. როგორც ჩანს, მოპოვებულ ინფორმაციასაც სჭირდება დაცვა და სხვა საკითხია, კანონიერად არის ინფორმაცია მოპოვებული, თუ უკანონოდ. ვინ და რა მიზნით, რატომ გამოიყენებს ამ ინფორმაციას, ეს არის ცალკე თავის ტკივილი. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება სისტემურად მიუდგება ამ საკითხს, რაც შედის როგორც მედიის, ისე სახელმწიფოს ინტერესებში", - განაცხადა კოჟორიძემ და აღნიშნა, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებული მასალების გამოვლენის შემდეგ, აუცილებელია გამოძიება, რაც საგამოძიებო უწყებების პირდაპირი მოვალეობაა.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და გადაცემა პოზიციის წამყვანს ნინო შუბლაძეს ფარულად იწერდნენ. ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის გუნდთან ერთად, საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი ცნობით, ვიდეომასალა შსს-დან გაუგზავნეს. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ინფორმატორის ვინაობას არ ასახელებს.

კომენტარები