უკანონო მოსმენები

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობას ფარულად იწერდნენ

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და გადაცემა პოზიციის წამყვანს ნინო შუბლაძეს ფარულად იწერდნენ.

ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის გუნდთან ერთად, საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი ცნობით, ვიდეომასალამ შსს-დან გაჟონა. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ინფორმატორის ვინაობას არ ასახელებს.

"ადგილი აქვს საქართველოსთვის უპრეცედენტო შემთხვევას - წამყვანი ტელეკომპანიის ტოპმენეჯმენტის ფარულ აუდიოვიზუალურ თვალთვალს. რამდენიმე დღის, წინ შსს-დან გამოჟონა ინფორმაციამ და მოგვაწოდეს ვიდეომასალა, სადაც თვალნათლივ ჩანს და კარგად ისმის, თუ როგორ მიმდინარეობს ჩემი და ჩემი პირველი მოადგილის ნინო შუბლაძის ფარული ჩაწერა. მასალა მოიცავს ორ ფაილს - ჩემს შემთხვევაში ქრონომენტრაჟია 15 წუთი, ხოლო ნინოს შემთხვევაში ერთი საათი" - განაცხადა გვარამიამ და აღნიშნა, რომ მედიას თითოწუთიან უწყვეტ კადრებს გადასცემს.

"დანარჩენი არის პირადი ან საქმიანი დეტალები და მედიას ვერ მივცემთ. ინფორმატორის ცნობით, არსებობს კიდევ რამდენიმე ათეული ფაილი, რომლებიც ასახავს ჩვენი კომპანიის თანამშრომლების საქმიან და პირადი ხასიათის საუბრის და შეხვედრების ჩანაწერებს" - ამბობს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი.

ნიკა გვარამია ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყდეს რუსთავი 2-ს უკანონო თვალთვალი და ფარული მიყურადება, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და უმკაცრესად დაისაჯონ უშუალო დამნაშავეები.

"ასევე ყველა ის თანამდებობის პირი, რომელმაც მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, გასცა უკანონო დავალება ან რომლისთვისაც ცნობილი იყო უკანონო ქმედების განხორციელებაზე და არ მიიღო აუცილებელი ზომები მათ აღმოსაფხვრელად. მომავალში, ნებისმიერი სახისა და შინაარსის უაკნონოდ მოპოვებული აუდიო ვიდეომასალის ნებისმიერი გზით გავრცელებაზე და საინფორმაციო სივრცეში მათ განთავსებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას" - განაცხადა გვარამიამ.

რუსთავი 2-ის გავრცელებულ კადრებში არხის გენერალური დირექტორის და მისი მოადგილის ოთახები ჩანს. გამოსახულებასთან ერთად, ხმაც კარგად ისმის. რუსთავი ორის წარმომადგენლების თქმით, ფარული ვიდეომასალა დაახლოებით 2013 წლის ზაფხულშია გადაღებული.

ამასთან, დღვანდელ ბრიფინგზე ნიკა გვარამიამ ბოდიში მოიხადა წინა წლებში ფარული ჩანაწერების გაკეთება/გავრცელების პრაქტიკის გამო.

"აუცილებლად მინდა გავიხსენო წინა წლებში მათ შორის ჩემი არც თუ პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით და ბოდიში მინდა მოვიხადო იმისთვის, რომ მონაწილეობა მაქვს მიღებული ამ მანკიერი პრაქტიკის ჩამოყალიბებაში. მართალია, ყველა ჩემთვის ცნობილი ყველა ჩანაწერი მოპოვებული იყო ლეგიტიმურად და მათი გავრცელება წარმოადგენდა სახელისუფლებო სრულ დისკრეციას, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაშინ არასწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული და ამგვარი პრაქტიკით შეილახა ძალიან ბევრი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. ამ პრაქტიკის გამო, ადამიანებმა ვინც ფიგურირებდა ჩანაწერებში, მიიღეს მნიშვნელოვანი რეპუტაციული და მორალური ზიანი. წინა ხელისუფლების ამ მანკიერ ტრადიციას, რომელსაც თავადაც აღიარებს, სამწუხაროდ, განუხრელად  დაადგა ახალი ხელისუფლებაც, მიუხედავად არაერთი დაპირებისა, რომ პირველ რიგში, სწორედ ამ მიმართულებით მოხდებოდა რადიკალური პოზიტიური ცვლილებები" - აღნიშნა გვარამიამ.

კომენტარები