ანტიდისკრიმინაციული კანონი

ევრაზიულმა არჩევანმა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება გააპროტესტა

ორგანიზაცია ევრაზიულმა არჩევანმა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება სახელმწიფო კანცელარიასთან გააპროტესტა.

მისი ხელმძღვანელი არჩილ ჭყოიძე კანონის გაუქმებას ითხოვს და ამბობს, რომ ის ხელს საქართველოში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას უწყობს.

აქციაში მონაწილეობა გორიდან ჩამოსულმა მხარდამჭერებმა მიიღეს.

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით 2 მაისს დაამტკიცა. ანტიდისკრიმინაციული კანონი 104 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღეს.

სასულიერო პირებისა და მრევლის პროტესტის გამო, საპარლამენტო განხილვების პროცესში პროექტის რამდენიმე მუხლი ჩასწორდა. კერძოდ, კანონპროექტში "საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დაცვის" ცნება ჩაიდო და ამ მიზნებით განხორციელებული ქმედება პირის დისკრიმინაციად არ ჩაითვლება.

ასევე, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას გადაწყდა, რომ კანონში არ იქნება ჩანაწერი, რომელიც კანონის მოქმედების სფეროს აკონკრეტებს.

ანტიდისკრიმინაციული პაკეტის ავტორი და ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტში შესულ ვარიანტს არაეფექტიანს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ იმ პროექტიდან, რომელიც იუსტიციის სამინისტროსთან ერთად შეიმუშავეს, ბევრი მუხლია ამოღებული.

კომენტარები