NDI-ს კვლევა

წულუკიანი: გადადგომის შემდეგ, ივანიშვილთან სატელეფონო კონტაქტიც კი არ მქონია

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის გადადგომის შემდეგ, მასთან სატელეფონო კონტაქტიც არ ჰქონია. მინისტრი არ იზიარებს NDI-ს გამოკითხულთა უმრავლესობის განწყობას იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი მთავრობის საქმიანობაში ერევა.

"არ ვიზიარებ, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ფარულად მართავს ხელისუფლებას, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ რაც ის გადადგა, იმ დღიდან მოყოლებული მასთან არა თუ შეხვედრა, არა თუ რაიმე ინსტრუქციის მიღება, არამედ სატელეფონო კონტაქტიც არ მქონია. ეს იმას მოწმობს, რომ იუსტიციის სამინისტრო, ყველა სხვა სამინისტრო და პრემიერმინისტრი არიან დამოუკიდებელი საქმიანობის პროცესში. სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილი პრემიერი სადღაც ჩრდილოვან პირობებში კვლავ მართავს ქვეყანას, უნდა დასრულდეს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

NDI-ს გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, კვლავაც ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღები პირია. ამასთან, გამოკითხულთა 49% არ ამართლებს, რომ ივანიშვილი კვლავ რჩება გადაწყვეტილების მიმღებად ხელისუფლებაში.

შეგახსენებთ, რომ 25 აპრილს, პრემიერისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე, სადაც ისინი მერობის და გამგებლობის კანდიდატებზე მსჯელობდნენ, ბიძინა ივანიშვილიც მივიდა. კოალიცია ქართული ოცნების წევრების მტკიცებით, ივანიშვილი შეხვედრას საქართველოს მოქალაქის სტატუსით ესწრებოდა. ასევე, უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა თქვა, რომ ივანიშვილს ასეთ შეხვედრებზე დასასწრებად, სტატუსი არ სჭირდება.

კომენტარები