დავით კოდუას ცემა

ნოშრევან ნამორაძე: სიმართლე უნდა დადგენილიყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო დავით კოდუას ცემის ფაქტზე დაკავებული ნოშრევან ნამორაძის აღიარებით ჩვენებას აქვეყნებს, სადაც ნოშრევან ნამორაძე ჰყვება, თუ რა გახდა დავით კოდუასთან მისი დაპირისპირების მიზეზი. მისივე თქმით, დღეს კოდუას ქუჩაში შემთხვევით შეხვდა.

”დათო კოდუა შემთხვევით შემხვდა ბარნოვის ქუჩაზე. ვინაიდან მე მასთან მქონდა გარკვეული პრეტენზიები იმის გამო, რომ 2008 წელს დავით და ერეკლე კოდუამ დაგეგმეს ჩემი დაჭერა - ნარკოტიკის ჩადება. შემომივარდნენ სახლში, ჩამიდეს ნარკოტიკი და დამიჭირეს. ამის სანაცვლოდ წაიღეს მთელი ჩემი ქონება, გადამახდევინეს ნახევარი მილიონი ლარი. ვიყავი ტიფლის დეველოპმენტის დამფუძნებელი, 50%-იანი წილის მფლობელი. გადაიფორმეს ყველაფერი და ასე ვთქვათ, წამართვეს, ამახიეს ქონება. ეს იყო მოტივი. მანამდე მე შევხვდი დათო კოდუას და ვუთხარი, რომ ეს ამბავი ასე არ დამთავრდებოდა და სიმართლე უნდა დადგენილიყო - ქონება უნდა დამბრუნებოდა, ეს ლაფი და სიბინძურე, რაც მათმა ქმედებამ გამოიწვია ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ, აუცილებლად ეს ყველაფერი უნდა დამთავრებულიყო. მან არ ისურვა ამ ყველაფრის დალაგება. შემთხვევით შევხვდი ბარნოვის ქუჩაზე, ძალის გამოყენება მომიწია და ვცემე. ჩემი ერთი წლის ბავშვი იყო ამ ყველაფრის მომსწრე, როდესაც სახლში შემომივარდნენ და დამიდეს ნარკოტიკი. მე ამას არ ვაპატიებდი არც ერეკლე და არც დათო კოდუას. ეს ყველაფერი ქონების გამო მოხდა. ქონება წაიღეს, ნახევარი მილიონი გადამახდევინეს და ასე დამთავრდა 2008 წელს ეს ისტორია", - აცხადებს ნოშრევან ნამორაძე აღიარებით ჩვენებაში.

დავით კოდუაზე თავდასხმა დღეს მოხდა. ბიზნესმენი დავით კოდუა რკინიგზის საავადმყოფოში, დაახლოებით, 15:00 საათზე მოათავსეს, მოგვიანებით კი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

კომენტარები