დავით კოდუას ცემა

ნოშრევან ნამორაძეს ბრალი წაუყენეს და დღესვე, აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ

დავით კოდუას ცემისთვის დაკავებულ ნოშრევან ნამორაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა. დანაშაული ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს, 20:00 საათზე ჩაინიშნა. 

ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომ ნამორაძეს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება შეეფარდოს. ადვოკატის ლილი გელაშვილის თქმით, იგი მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს.

ამასთან, ნოშრევან ნამორაძის ადვოკატის განცხადებით, საბრალდებო მუხლი მისთვისაც და მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვისაც მიუღებელია.

"ნამორაძე აცხადებს, რომ იგი მარტო იყო და მარტომ მიიღო მონაწილეობა კოდუას ცემაში და მას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, კიდევ ვინმე სცემდა თუ არა ნამორაძეს. საქმის მასალები უკვე გადმომეცა, რომელსაც გავეცნობი და ამის შემდეგ ვგეგმავ პრესკონფერენციას", - თქვა გელაშვილმა და აღნიშნა, რომ მასალებში დევს  გარე სათვალთვალო კამერებით ჩაწერილი ვიდეოფირები. ადვოკატის მტკიცებით, მისთვის უცნობია, რა ინფორმაცია დევს აღნიშნულ ფირებში. 

ლილი გელაშვილის ინფორმაციით, საქმის მასალებში დევს ექსპერტის დასკვნებიც, რომელიც როგორც დაზარალებულ დავით კოდუას, ასევე თავად ბრალდებულ ნოშრევან ნამორაძესაც ჩაუტარდა. ადვოკატის ინფორმაციით, დაზიანებები ხელისა და ფეხის არეში ნამორაძესაც აღენიშნება. 

ადვოკატის განცხადებითვე, 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით ბრალი მისი დაცვის ქვეშ მყოფს მხოლოდ კოდუას შვილის ძიძის ჩვენებიდან გამომდინარე აქვს წარდგენილი. გელაშვილის ინფორმაციით, დღეს ჩატარდა ამოცნობის საგამოძიებო პროცედურა, თუმცა ძიძა სამმართველოში არ გამოცხადდაადვოკატის თქმით, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სალონის თვითმხილველმა თანამშრომელმა ნოშრევან ნამორაძე დღევანდელი საგამოძიებო მოქმედების დროს ამოიცნო. 

დავით კოდუას თავს 3 მაისს დაესხნენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, კოდუას აქვს მძიმე კონტუზია და მდგომარეობიდან მისი გამოყვანა ვერ ხერხდება. საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის თქმით კი, პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე და სამკურნალო დაცვითი ნარკოზის ქვეშ. 

კოდუას ცემიდან რამდენიმე საათში შსს-მ ერთი პირი - ნოშრევან ნამორაძე დააკავა. ის პოლიციას თავად ჩაბარდა. შსს-ს მიერ გავრცელებულ აღიარებით ჩვენებაში, ნამორაძე ჰყვება, რომ დავით კოდუას შურისძიების მიზნით სცემა.

კომენტარები