დავით კოდუას ცემა

სასამართლომ ნოშრევან ნამორაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ბიზნესმენ დავით კოდუას ცემაში ბრალდებულ ნოშრევან ნამორაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურორმა პატიმრობის შუამდგომლობისას განმარტა, რომ არსებობს ბრალდებულის მხრიდან მიმალვის საფრთხე, ასევე, დაუდგენელი პირების მიმართ ზეწოლის საფრთხე. პროკურორის ინფორმაციით, დავით კოდუას ცემაში ნოშრევან ნამორაძესთან ერთად ორი პირი მონაწილეობდა, რომელთა ვინაობა დაუდგენელია და შესაძლოა, მისი თავისუფლებაში ყოფნის პირობებში გამოძიებას ხელი შეეშალოს.

დაცვის მხარე კი, გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ბრალდებულის ადვოკატებმა ირმა ჭკადუამ და ლილი გელაშვილმა განაცხადეს, რომ ბრალდებული თავად ჩაბარდა გამოძიებას და მიმალვის სურვილის შემთხვევაში, ამას არ გააკეთებდა. 

დავით კოდუას ცემისთვის დაკავებულ ნოშრევან ნამორაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით დღეს წარედგინა. დანაშაული ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნოშრევან ნამორაძის ადვოკატის განცხადებით, საბრალდებო მუხლი მისთვისაც და მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვისაც მიუღებელია, რადგან "ნამორაძე აცხადებს, რომ იგი მარტო იყო და მარტო მონაწილეობდა კოდუას ცემაში".

დავით კოდუას თავს 3 მაისს დაესხნენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, კოდუას აქვს მძიმე კონტუზია და მდგომარეობიდან მისი გამოყვანა ვერ ხერხდება. საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის თქმით კი, პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე და სამკურნალო დაცვითი ნარკოზის ქვეშ. 

კოდუას ცემიდან რამდენიმე საათში შსს-მ ერთი პირი - ნოშრევან ნამორაძე დააკავა. ის პოლიციას თავად ჩაბარდა. შსს-ს მიერ გავრცელებულ აღიარებით ჩვენებაში, ნამორაძე ჰყვება, რომ დავით კოდუას შურისძიების მიზნით სცემა.

კომენტარები