დავით კოდუას ცემა

ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს, კოდუას ცემის ფაქტზე სრულყოფილი გამოძიება ჩაატაროს

სახალხო დამცველის განცხადებით, აუცილებელია, დავით კოდუას ცემის ფაქტზე სრულყოფილი გამოძიება ჩატარდეს. უჩა ნანუაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, საქმე ეფექტიანად გამოიძიოს. ამასთან, ომბუდსმენი დაუშვებლად მიიჩნევს, თუნდაც დანაშაულის არსებობისას, კერძო პირების მიერ თვითნებურად, შურისძიების მოტივით, ნებისმიერი პირის დასჯასა თუ დასჯის მცდელობას. მისი განცხადებით, მსგავსი შემთხვევების პრევენცია მხოლოდ საგამოძიებო ორგანოების მიერ ჩატარებულ სწრაფ, ეფექტურ გამოძიებასა და ყველა დამნაშავე პირის სათანადოდ დასჯას შეუძლია.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ნოშრევან ნამორაძის აღიარებითი ჩვენების მიუხედავად, გამოძიების სრულყოფილად, ყოველმხრივ და ეფექტურად ჩატარებისათვის აუცილებელია, უმოკლეს ვადებში საგამოძიებო ორგანოებმა მოიძიონ და შეკრიბონ ყველა შესაძლო მტკიცებულება, მათ შორის, ინციდენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და თვითმხილველთა ჩვენებები.

"საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებთა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, არსებითი მნიშვნელობისაა დანაშაულის სათანადო კვალიფიკაცია, რაც მოცემულ შემთხვევაში შესაძლოა ეჭვქვეშ დადგეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, შესაძლოა დაკვალიფიცირდეს ცემად, თუკი მას არ მოჰყოლია ამავე კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი – ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება. მაშინ როცა, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით დავით კოდუა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული", - აცხადებს ნანუაშვილი.

სოდ-ის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას ძმის დავით კოდუას ცემის გამო, ნოშრევან ნამორაძეს ბრალს დღეს წაუყენებენ. ადვოკატ ლილი გელაშვილის ინფორმაციით, სავარაუდოდ, დღესვე პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს. იგი არ გამორიცხავს, რომ ბრალის წარდგენის მომენტში საბრალდებო მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

ლილი გელაშვილის განცხადებით, გამოძიება 125-ე მუხლით (ცემა) დაიწყო, თუმცა 118-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) გაგრძელდა. ადვოკატი არ ეთანხმება გამოძიების მიმდინარეობისას საბრალდებო მუხლის შეცვლას.

“მიმაჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიღებამდე, ნოშრევან ნამორაძის სამართლებრივი მდგომარეობის გადაკვალიფიცირება და დამძიმება არასწორია”, - თქვა გელაშვილმა.

დავით კოდუას თავს 3 მაისს დაესხნენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, კოდუას აქვს მძიმე კონტუზია და მდგომარეობიდან მისი გამოყვანა ვერ ხერხდება. საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის თქმით კი, პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე და სამკურნალო დაცვითი ნარკოზის ქვეშ. 

კოდუას ცემიდან რამდენიმე საათში შსს-მ ერთი პირი - ნოშრევან ნამორაძე დააკავა. ის პოლიციას თავად ჩაბარდა. შსს-ს მიერ გავრცელებულ აღიარებით ჩვენებაში, ნამორაძე ჰყვება, რომ დავით კოდუას შურისძიების მიზნით სცემა.

კომენტარები