დავით კოდუას ცემა

შსს-მ დავით კოდუას ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შსს-მ დავით კოდუას ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამოცხადდა 1976 წელს დაბადებული ნოშრევან ნ, რომელმაც განაცხადა, რომ მან შურისძიების ნიადაგზე სცემა დავით კოდუა.

”დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ცემის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 125-ე მუხლით”, -წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ძებნაში მყოფი კუდ-ის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას ძმას, ბიზნესმენ დავით კოდუას დღეს რამდენიმე ნიღბიანი პირი თავს დაესხა და სასტიკად სცემა. შემთხვევა დაახლოებით 3 საათზე ვაკეში მაშინ მოხდა, როდესაც დავით კოდუამ მცირეწლოვანი შვილი სილამაზის სალონში მიიყვანა. თვითმხილველთა ინფორმაციით, 2 თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული. მათი თქმით, თავდამსხმელებმა დავით კოდუა ელექტროშოკით გათიშეს, რათა მას ფიზიკური წინააღმდეგობა არ გაეწია. დაზარალებული რკინიგზის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მომხდარიდან მალევე მიიყვანეს. დავით კოდუა მოგვიანებით, ახლობლების მოთხოვნით, ინგოროყვას სახელობის კლინიკაში რეანომობილით გადაიყვანეს. 

ამ დროისთვის დავით კოდუას ოპერაცია დასრულებულია. ექიმ კოტე მუმლაძის თქმით, კოდუას მდგომარეობა სტაბილურია და იგი შემდგომი მკურნალობისთვის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. 

ექიმის თქმით, კოდუას სახეზე რამდენიმე მოტეხილობა აღენიშნებოდა, მათ შორის, ცხვირის ძვლის, რაზეც ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. 

კოტე მუმლაძის თქმით, კოდუას კლინიკაში დარჩენა რამდენიმე დღე მოუწევს.

"მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება, გრძელდება მისი შემდგომი მკურნალობა", - თქვა ექიმმა.

კომენტარები