დავით კოდუას ცემა

ვოლსკი დავით კოდუას ცემაზე: პოლიტიკურ მოტივს, რასაკვირველია, გამოვრიცხავ

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი დავით კოდუას ცემის ფაქტზე  ”ყველანაირ პოლიტიკურ მოტივს” გამორიცხავს. მისივე თქმით, ეს მოსალოდნელი იყო და ამაზე პოლიტიკური სპეკულაციები დაიწყება.

”ამაზრზენი ფაქტია, ყოვლად მიუღებელია. რასაკვირველია მოსალოდნელიც იყო და პოლიტიკური სპეკულაციები დაიწყება ამაზე. ყველანაირ პოლიტიკურ მოტივს,რასაკვირველია, გამოვრიცხავ. მაგრა თვითონ ადამიანზე თავდასხმა და ფიზიკური შეურაცხყოფა არის ის თემა, რომლის წინააღმდეგაც საქართველოს სახელმწიფო იბრძვის და უბდა იბრძოლოს. ეს არის თემა, რომელიც ვიღაცისთვის არის ხელსაყრელი, რათა დააზიანოს პოლიტიკური პროცესი, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს.კატეგორიულად მიუღებელი და აუცილებლად გამოსაძიებელია”, - თქვა ვოლსკიმ.

ძებნაში მყოფი კუდ-ის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას ძმას, ბიზნესმენ დავით კოდუას დღეს რამდენიმე ნიღბიანი პირი თავს დაესხა და სასტიკად სცემა. შემთხვევა დაახლოებით 3 საათზე ვაკეში მაშინ მოხდა, როდესაც დავით კოდუამ მცირეწლოვანი შვილი სილამაზის სალონში მიიყვანა. თვითმხილველთა ინფორმაციით, 2 თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული. მათი თქმით, თავდამსხმელებმა დავით კოდუა ელექტროშოკით გათიშეს, რათა მას ფიზიკური წინააღმდეგობა არ გაეწია. დაზარალებული რკინიგზის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მომხდარიდან მალევე მიიყვანეს. ექიმების თქმით, პაციენტს მრავლობითი დაზიანებები თავისა და სახის არეში აქვს მიყენებული. დავით კოდუა მოგვიანებით, ახლობლების მოთხოვნით, ინგოროყვას სახელობის კლინიკაში რეანომობილით გადაიყვანეს. 

ბიზნესმენ დავით კოდუას ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტებმა და სამართალდამცავებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. თუმცა ისინი ამ დრომდე კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.

 

კომენტარები