"მედიას მოვუწოდებ, ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე პროცესები, მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ობიექტურად გააშუქონ და მას დამახინჯებულად ნუ წარმოაჩენენ. მოსახლეობამ კარგად იცის, რომელი პროგრამაა წარმატებული, რადგან ის უშუალოდ მათზე აისახება,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, „ელჯის“ კლინიკაში სამედიცინო პერსონალთან შეხვედრისას თქვა.
პრემიერმა შეხვედრაზე მთავრობის ახალი ინიციატივების შესახებაც ისაუბრა. ღარიბაშვილის თქმით, სოფლის ექიმისა და ექთნის დაფინანსება 30%-ით იზრდება.
„სოფლის ექიმის დაფინანსება თვეში 650 ლარი, ხოლო ექთნის/ფერშლის - 455 ლარი იქნება. პროგრამის ფარგლებში ექიმის სამედიცინო ჩანთით, მედიკამენტებით, სამედიცინო დანიშნულების საგნებით, სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმებით და რეცეპტებით უზრუნველყოფაა დაგეგმილი”, - აღნიშნა პრემიერმა.
ღარიბაშვილმა დემოგრაფიის ხელშეწყობის მიზნით მისივე ინიცირებული პროექტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმერეთი იმ 6 რეგიონში შედის, სადაც შობადობას სიკვდილიანობა აღემატება.
პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ცნობით, დემოგრაფიული მაჩვენებლის გაუმჯობესების მიზნით, პრემიერის ინიციატივით, ივნისიდან ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე ბარში 150 ლარი, ხოლო მთაში 200 ლარი გაიცემა. მთავრობის გადაწყვეტილებით, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში ფოლიუმის მჟავას ყველა ორსული უფასოდ მიიღებს.
პრემიერი ამბულატორიების პროექტსაც შეეხო და აღნიშნა, რომ იმერეთის რეგიონის 11 სოფელში სენდვიჩ-პანელის სახის ამბულატორია დაიდგმება, რომელთა აღჭურვას ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.





