ანტიდისკრიმინაციული კანონი

ანტისკრიმინაციული კანონპროექტის წინააღმდეგ სოსო ჯაჭვლიანმა ხმა შეცდომით მისცა

სოსო ჯაჭვლიანი
timer.ge

ანტიდისკრიმინაციული კანონი პარლამენტმა მესამე მოსმენით, 104 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო. მოწინააღმდეგე დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანია, რომელმაც კენჭისყრის შემდეგ განაცხადა, რომ მან ხმა კანონპროექტის სასარგებლოდ მისცა და ტაბლოზე არასწორად დაფიქსირდა. ჯაჭვლიანმა შედეგის შეცვლა მოითხოვა.

ასევე, უმრავლესობის დეპუტატების ნუკრი ქანთარიას და ივანე კიღურაძის განცხადებით, მათ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონპროექტს ხმა მისცეს, თუმცა, ეს კენჭისყრის პროცესში არ აისახა.

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტის საფუძველზე იკრძალება ადამიანის ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია, მათ შორის ასაკით, ჯანმრთელობის მდგომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობით, სექსუალური ორიენტაციით, გენდერული იდენტობით, პროფესიით და სხვ.

კანონპროექტი კრძალავს დისკრიმინაციას როგორც საჯარო, ასევე კერძო სფეროში. დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობას სახალხო დამცველი განახორციელებს.

ამასთან, სასულიერო პირებისა და მრევლის პროტესტის გამო, საპარლამენტო განხილვების პროცესში პროექტის რამდენიმე მუხლი ჩასწორდა. კერძოდ, კანონპროექტში "საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დაცვის" ცნება ჩაიდო და ამ მიზნებით განხორციელებული ქმედება პირის დისკრიმინაციად არ ჩაითვლება.

ანტიდისკრიმინაციული პროექტიდან შევიწროებასთან დაკავშირებული პუნქტიც ამოიღეს. საუბარია კანონპროექტის ჩანაწერზე, რომელიც ითვალისწინებდა იმას, რომ ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს იმ პირთა შევიწროება, რომელთა მიმართ არსებობს მტრული, დამამცირებელი, დამაშინებელი, ღირსების შემლახავი ან სხვა სახის შეურაცმყოფელი გარემო. როგორც ამასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა განმარტეს, აღნიშნული პუნქტი იყო მეტისმეტად ბუნდოვანი, იძლეოდა სხვადასხვა ტიპის ინტერპრეტირების საშუალებას და კანონის განჭვრეტადობის პრინციპიდან გამომდინარე, კანონიდან მისი ამოღება მიწანშეწონილად ჩაითვალა.

ასევე, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას გადაწყდა, რომ კანონში არ იქნება ჩანაწერი, რომელიც კანონის მოქმედების სფეროს აკონკრეტებდა.

ანტიდისკრიმინაციული პაკეტის ავტორი და ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტში შესულ ვარიანტს არაეფექტიანს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ იმ პროექტიდან, რომელიც იუსტიციის სამინისტროსთან ერთად შეიმუშავეს, ბევრი მუხლია ამოღებული. 

კომენტარები