NDI-ის ანგარიში

NDI: ხშირია პოლიტიკური ოპონენტების დელეგიტიმიზაციის მცდელობები

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკური გარემო საქართველოში კვლავ პოლარიზებულია და მას ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის არსებული დაძაბულობა განსაზღვრავს.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ხშირია პოლიტიკური ოპონენტების დელეგიტიმიზაციისა და კრიმინალიზაციის მცდელობები. სერიოზულ სავარაუდო დარღვევებს შორის, მოხსენიებულია ნაციონალური მოძრაობის წევრებზე განხორციელებული ძალადობა, ასევე ყოფილი თანამდებობის პირების სისხლისსამართლებრივი დევნა და დაკითხვა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქართველი და საერთაშორისო დამკვირვებლების ნაწილი ამ გამოძიებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

"იყო ცნობები იმის შესახებ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს თავს დაესხნენ და გატაცება სცადეს, ასევე კვერცხების სროლის ფაქტები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კამპანიის დროს, ყოველგვარი ძალადობა და მსგავსი შემთხვევები არის სრულიად მიუღებელი დემოკრატიული საზოგადოებისთვის. იმიტომ, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ნებისმიერ ადამიანს აქვს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება, ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს რამე, მაგრამ ძალადობის ყოველგვარი გამოვლენა უნდა იყოს სასტიკად დაგმობილი", - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა პერ ეკლუნდმა.

ანგარიშში საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებზეც არის საუბარი. NDI-ის შეფასებით, ზოგადად ცვლილებები დემოკრატიულ საარჩევნო პროცესებს ხელს უწყობს, თუმცა ზოგიერთი დებულება არჩევნების შემდეგ გადახედვას საჭიროებს.

"მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უკვე არჩევნების შემდგომ პერიოდს უკავშირდება, არის დებულება, რომელიც საკრებულოს აძლევს საშუალებას, პირდაპირი წესით არჩეულ მერებს და გამგებლებს უნდობლობა გამოუცხადოს. ასევე ის დებულება, რომელიც იძლევა საშუალებას ათასობით საჯარო მოხელე ადგილობრივ დონეზე გათავისუფლდეს სამსახურიდან. დელეგაციას სჯერა, რომ ეს საკითხები უნდა გადაწყდეს ადგილობრივ არჩევნებამდე", - თქვა NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუი ნავარომ.

NDI-ის ანგარიშში მედიაგარემოც არის შეფასებული. ორგანიზაცია საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ პრობლემებს უსვამს ხაზს. ასევე დაფიქსირებულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ TVMR-ში შესვლის ფაქტი, რაც ტელევიზიების შეფასებით, იყო სახელმწიფოს მცდელობა, ჩარეულიყო სატელევიზიო რეიტინგების შედგენის პროცესში.

დელეგაცია ასევე მიიჩნევს, რომ მერების, გამგებლებისა და საკრებულოს წევრობის თანამდებობებზე ქალთა კანდიდატურების წარდგენა, უმცირესობების უფლებების პატივისცემა ხელს შეუწყობს მომდევნო არჩევნების სამართლიანობის მიმართ საზოგადოების ნდობის განმტკიცებას.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაცია საქართველოს 28 აპრილიდან 2 მაისამდე სტუმრობდა.

კომენტარები