ანტიდისკრიმინაციული კანონი

პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი მესამე მოსმენით, 104 ხმით მიიღო

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. ანტიდისკრიმინაციული კანონი 104 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღეს. 

კანონპროექტის საფუძველზე იკრძალება ადამიანის ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია, მათ შორის - ასაკით, ჯანმრთელობის მდგომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობით, სექსუალური ორიენტაციით, გენდერული იდენტობით, პროფესიით და სხვა.

კანონპროექტი კრძალავს დისკრიმინაციას როგორც საჯარო, ასევე კერძო სფეროში. დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობას სახალხო დამცველი განახორციელებს.

ამასთან, სასულიერო პირებისა და მრევლის პროტესტის გამო, საპარლამენტო განხილვების პროცესში პროექტის რამდენიმე მუხლი ჩასწორდა. კერძოდ, კანონპროექტში "საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დაცვის" ცნება ჩაიდო და ამ მიზნებით განხორციელებული ქმედება პირის დისკრიმინაციად არ ჩაითვლება.

ანტიდისკრიმინაციული პროექტიდან შევიწროებასთან დაკავშირებული პუნქტიც ამოიღეს. საუბარია კანონპროექტის ჩანაწერზე, რომელიც ითვალისწინებდა იმას, რომ ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს იმ პირთა შევიწროება, რომელთა მიმართ არსებობს მტრული, დამამცირებელი, დამაშინებელი, ღირსების შემლახავი ან სხვა სახის შეურაცმყოფელი გარემო. როგორც ამასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა განმარტეს, აღნიშნული პუნქტი იყო მეტისმეტად ბუნდოვანი, იძლეოდა სხვადასხვა ტიპის ინტერპრეტირების საშუალებას და კანონის განჭვრეტადობის პრინციპიდან გამომდინარე, კანონიდან მისი ამოღება მიზანშეწონილად ჩაითვალა.

ასევე, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას გადაწყდა, რომ კანონში არ იქნება ჩანაწერი, რომელიც კანონის მოქმედების სფეროს აკონკრეტებდა.

ანტიდისკრიმინაციული პაკეტის ავტორი და ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტში შესულ ვარიანტს არაეფექტიანს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ იმ პროექტიდან, რომელიც იუსტიციის სამინისტროსთან ერთად შეიმუშავეს, ბევრი მუხლია ამოღებული, მათ შორის, სანქციების მექანიზმი. 

კომენტარები