ანტიდისკრიმინაციული კანონი

ბერძენიშვილი: საპატრიარქოს ნებაა, თუ არ ეთანხმება კანონპროექტის ახალ ვერსიას

ლევან ბერძენიშვილი
epn.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, თუ საპატრიარქო არ ეთანხმება ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის ახალ ვერსიას, "ეს მათი ნებაა". მისივე თქმით, პარლამენტი მიესალმება ყველა მოსაზრებას, თუმცა, მუშაობას განაგრძობს.

"მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტი იზიარებს ყველა მოსაზრებას, გავიზიარებთ ამასაც, მივიღებთ ცნობად, მაგრამ ჩვენი მუშაობა გაგრძელდება ჩვეულებრივ. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მესამე მოსმენით მივიღებთ ამ კანონს", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ "კანონპროექტის ახალ ვერსიას ვერ დაეთანხმება, რადგან ბოლო ვარიანტის გაანალიზების საშუალება არ გვქონდა". საპატრიარქოს აზრით, პარლამენტში თავდაპირველად წარმოდგენილი კანონპროექტის უარყოფითი მხარეები აშკარად ჩანდა, ახლა მდგომარეობა შეიცვალა და იგი უფრო სერიოზულ შესწავლას და სპეციალისტების დასკვნას საჭიროებს.

ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით განიხილავს. გუშინ, დეპუტატებმა რამდენიმესაათიანი ხმაურიანი განხილვის შემდეგ, კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღეს. საბოლოოდ, კანონპროექტის მეორე პუნქტის მეორე ნაწილში სადავო სიტყვა "მორალი" "ზნეობით" შეიცვალა და შემდეგნაირად გადაფორმულირდა: "გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, გააჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომადია ასეთი მიზნის მისაღწევად".

კომენტარები