საგარეო უწყების განცხადება

საგარეო უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, უკრაინის კონფლიქტურ რეგიონებს მოერიდონ

საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მიმართავს მოქალაქეებს, მოერიდონ განსაკუთრებული საჭიროების გარეშე გადაადგილებას დონეცკის, ხარკოვის, ლუგანსკის ოლქებში, ასევე ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მიმართულებით.

”უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, გთხოვთ, მოერიდოთ განსაკუთრებული საჭიროების გარეშე გადაადგილებას დონეცკის, ხარკოვისა და ლუგანსკის ოლქებში, ასევე, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მიმართულებით, ქალაქ სევასტოპოლსა და სლავიანსკში. ასევე, მოგმართავთ რეკომენდაციით, აღნიშნულ რეგიონებში ყოფნის შემთხვევაში, შეძლებისდაგვარად მოკლე პერიოდში დატოვოთ ისინი.

ამასთანავე გატყობინებთ, რომ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში შესვლისა და ყოფნის უფლება რეგულირდება უკრაინის კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. ამდენად, ხსენებულ ტერიტორიაზე შესვლა და ყოფნა შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა გადაკვეთეს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი მოქმედ გამშვებ პუნქტებში და საპასპორტო დოკუმენტებსა და საიმიგრაციო ბარათებში აღენიშნებათ შესაბამისი ბეჭდები”, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში შესვლის და ყოფნის დროს, უკრაინის კანონმდებლობის გაუთვალისწინებლობა, ისჯება უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად.

უწყება უკრაინაში საქართველოს საელჩოს და საკონსულოების საკონტაქტო ნომრებს ავრცელებს, რომლებზეც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, საჭიროების შემთხვევაში დარეკონ:

- საქართველოს საელჩო უკრაინაში: +380 44 220 03 41;
- კონსტანტინე საბიაშვილი, საქართველოს კონსული უკრაინაში: +380 93 919 60 80;
- საქართველოს საკონსულო ქ.დონეცკში: +380 62 3110410;
- ირაკლი ადვაძე, საქართველოს კონსული ქ.დონეცკში: +380 63 0277770;
- საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ცხელი ხაზი:
(995 32) 294 50 50; (995) 577 98 40 20.

კომენტარები