ანტიდისკრიმინაციული კანონი

უსუფაშვილი: არ წამოეგოთ სპეკულაციებს ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით

ყველას მოგმართავთ, არ წამოეგოთ გარკვეული ჯგუფების პოლიტიკურ სპეკულაციებს, რომელთაც ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ პარლამენტი საქართველოს კანონმდებლობაში ტერმინებს სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობას პირველად ამკვიდრებს, იტყუებიან და ეს ტერმინები საქართველოს კანონმდებლობაში პირველად 1997 წელს ჩაიწერა. მისი განცხადებით, ამ საკითხის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი ნაკლებად ინფორმირებულობის ბრალია ან გარკვეული პოლიტიკური ძალები ცდილობენ ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანონ.

"ეს არ არის მხოლოდ ჩემი დაკვირვება, ეს არის ძალიან კონკრეტული ფაქტები. არასწორია იმის მტკიცება, რომ პარლამენტს ამ კანონპროექტში საკანონმდებლო სივრცეში ახალი ტერმინები შემოაქვს: სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა. არადა, ჩვენი ოპონენტები გარკვეული პოლიტიკური წრეებიდან სწორედ ამას აჟიტირებენ და, სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია საზოგადოებაშიც გავრცელდა. მე მინდა მოგახსენოთ, რომ ტერმინი სექსუალური ორიენტაცია და ამ ნიშნით გარკვეული დისკრიმინაციის დაუშვებლობა საქართველოს კანონმდებლობაში 1997 წლიდან მოყოლებული გვხვდება. 1997 წელს პირველად ჩაიწერა კანონში, რომ ამ ნიშნით პაციენტის დისკრიმინაცია დაუშვებელია სამედიცინო პერსონალის მხრიდან. ეს საკითხი განვითარდა და 2004 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში ჩაიწერა, რომ მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომელიც მიმართულია პირის ფიზიკური შესაძლებლობების, ეთნიკური კუთვნილების, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისების გამო შეურაცხყოფისკენ. მოგეხსენებათ, რომ 2004 წელს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ბრძანდებოდა, ის ახლა არის იმ პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რომელსაც თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი წარმოადგენს და რომელიც ყველაზე მეტს საუბრობს იმაზე, რომ თურმე ჩვენ შემოგვაქვს რაღაც ახალი ტერმინი და რაღაცას ვაკანონებთ ახალს. ეს საკითხი განვითარდა შრომის საკითხთა კოდექსში, რომელიც 2006 წელს იქნა მიღებული, სადაც ჩაიწერა, რომ შრომით ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, ენის, სექსუალური ორიენტაციის და ასე შემდეგ ნიშნით", - განაცხადა უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ანტიდისკრიმინაციული კანონი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას არ ემსახურება. მისი თქმით, ამ კანონის ამოცანა იმის პროპაგანდაა, რომ ძალადობა დანაშაულია.

"როცა ამ კანონში წერია, რომ რელიგიური ნიშნით ადამიანის დისკრიმინაცია დაუშვებელიაო, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რომელიმე არაქრისტიანული რელიგიის პროპაგანდას ვახდენთ? ხომ არ ნიშნავს? ან, როდესაც ვწერთ, რომ ეროვნული კუთვნილების მიუხედავად ადამიანის დისკრიმინაცია არ შეიძლებაო, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ სხვა რომელიმე ერის პროპაგანდას ვახდენთ? რა თქმა უნდა, არა. ასე რომ, როცა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობაზეა საუბარი, ამით არაფრის პროპაგანდა არ ხდება ერთი რამის გარდა - დიახ, ამ კანონის ამოცანაა იმის პროპაგანდაა, რომ ძალადობა დანაშაულია, ცოდვაა და მიუღებელი თანამედროვე მსოფლიოში. ძალადობის გამართლება ამ ნიშნებით არც კანონიერია, არც ცივილურია და არც ქრისტიანულია. ეს წერია ამ კანონში", - განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილის თქმით, ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტში, დისკრიმინაციის საფუძვლების ნიშნების ჩამონათვალიდან სექსუალური ორიენტაციის ამოღება არ მოხდება. მისი თქმით, ეს პრინციპული საკითხია და სახელმწიფო ძალადობას არ დაუშვებს.

"რაც შეეხება ჩამონათვალს, აქ არის ძალიან პრინციპული პოზიცია. ეს ჩამონათვალი არის ზოგადსაკაცობრიო მონაპოვარი. როდესაც ჩვენ დღეს გვეუბნებიან, რომ იქნებ რაღაც ამოვიღოთო, ეს ძალიან პრინციპული პოზიცია. რას ნიშნავს დღეს ამოვიღოთ ეს სიტყვები? 2004 წელს, 1997 წელს, თუ 2010 წელს მზად ვიყავით, რომ ამ ნიშნით ადამიანები არ გვეცემა, ახლა გვეუბნებიან ამოიღეთ, იმიტომ, რომ ძალადობა გვინდაო?! რა თქმა უნდა, სახელმწიფო ამას არ დაუშვებს. ეს ძალიან პრინციპული ამბავია. ვისაც გულწრფელად აღელვებს, რომ რამე ნეგატიური შედეგი არ დადგეს, მათთან ზეგაც გავაგრძელებთ დისკუსიას და ამ კანონპროექტის აღსრულების დროსაც, მაგრამ ვისაც პოლიტიკური ნიშნით შეჰყავს შეცდომაში სხვები და ადამიანები თავად ისხდნენ იმ პარლამენტში, რომელშიც 2010 წელს შრომის კოდექსი კიდევ ერთხელ დამტკიცდა და ხმა არ ამოუღიათ ამ თემაზე, დღეს მიდიან და სწორედაც რომ ცოდვას ჩადიან: ამბობენ ტყუილს. შეცდომაში შეჰყავთ ბევრი ადამიანი და, სამწუხაროდ, სასულიერო პირებიც, რომ თითქოს ჩვენ ვიგონებთ ახლა ამ ტერმინს", - განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს სხვადასხვა მიზეზით არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსების გარკვეული ჯგუფები და სასულიერო პირები იწუნებენ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აღნიშნულ კანონპროექტს სათანადო საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბებისთვის არასაკმარისად მიიჩნევენ, ხოლო სასულიერო პირები და არასაპარლამენტო ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი თვლის, რომ სექსუალური უმცირესობების უფლებების განხილვა არ უნდა ხდებოდეს და კანონპროექტში, დისკრიმინაციის საფუძვლების ნიშნების ჩამონათვალიდან სექსუალური ორიენტაცია უნდა ამოიღონ.

კომენტარები