ეს შენ გეხება

ეკა გიგაური: პრემიერი ტყუის

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, განცხადებას ეხმაურება. პრემიერმა უკანონო მოსმენების წინააღმდეგ მიმართული კამპანია - ”ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ” - რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები წარმართავენ, ქვეყნის იმიჯის ძირგამომთხრელ საქმიანობად შეაფასა. მან ასევე თქვა, რომ კანონპროექტის ვარიანტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს, კატასტროფის ტოლფასი იყო და მთლიანად სამართალდამცავი სისტემის, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის გამართულ, ეფექტურ მუშაობას საფრთხეს შეუქმნიდა.

”პირველ რიგში, ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ის, რაზეც პრემიერი საუბრობს, ტყუილია. პარლამენტში ინიცირებული კანონის ავტორი არის უმრავლესობის წარმომადგენელი შალვა შავგულიძე და ასევე ლაშა ტუღუში, რომელსაც ყველა კარგად ვიცნობთ. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოდგენილი კანონპროექტი”, - ამბობს ეკა გიგაური.

”რაც შეეხება ძირგამომთხრელ საქმიანობას, იმ პრობლემაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რაც არის დაკავშირებული იმასთან, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს განუსაზღვრელი შესაძლებლობები, რომ მოუსმინოს 21 ათას ადამიანს და რომელსაც იგი წარმატებულად იყენებს, არა მხოლოდ სამოქალაქო სექტორი საუბრობს, ასევე ბატონი ჰამერბერგი, ამაზე არის საუბარი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. შესაბამისად, ეს ადამიანები და ეს ორგანიზაციებიც, დაკავებულები არიან ძირგამომთხრელი საქმიანობით?! კორექტულობა იქნება ძალიან კარგი გამოსავალი პრემიერის მხრიდან”, - აცხადებს ეკა გიგაური.

არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფმა უკანონო მოსმენების წინააღმდეგ კამპანია "ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ" 6 მარტს დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციები ფარული მიყურადების საკითხზე პარლამენტში ერთი წლის წინათ ინიცირებული კანონპროექტის მიღებას ითხოვენ.

საქართველოში უკანონო მოსმენებზე ისაუბრა კომპანია ერიქსონმაც. როგორც შვედურ კომპანიაში France Press-ს განუცხადეს, ტექნოლოგია, რომელიც თავდაპირველად კრიმინალების მოსასმენად შეიქმნა, სტანდარტულია და ერიქსონმა ის ქსელურ აღჭურვილობასთან ერთად ქართულ სატელეკომუნიკაციო პროვაიდერ ჯეოსელს 2005 წელს მიჰყიდა.

"ტექნოლოგია კრიმინალთან საბრძოლველადაა განკუთვნილი, თუმცა, საქართველოს ხელისუფლება მას, სავარაუდოდ, სხვა მიზნებისთვის იყენებს", - განაცხადა ერიქსონის წარმომადგენელმა ფრედრიკ ჰალსტანმა. აღნიშნული კომენტარი მან მას შემდეგ გააკეთა, რაც შვედეთის საზოგადოებრივ რადიოში საქართველოს ხელისუფლების მიერ საკუთარი მოსახლეობის ფარული მოსმენებისთვის ერიქსონის ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

რადიოს ცნობით, ხელისუფლებას 21,000 მობილური ტელეფონის მოსმენის ტექნიკური შესაძლებლობა გააჩნია. მათგან მესამედი სწორედ ჯეოსელის ქსელშია ჩართული.

კომენტარები