NATO-Georgia

მაკკეინი: საქართველოსთვის ამერიკის შეერთებულ შტატებს მეტის გაკეთება შეეძლო

David McNew/Getty / www.guardian.co.uk

ვაშინგტონში ორდღიანი კონფერენცია "თავისუფალი და ერთიანი ევროპა" მიმდინარეობს, რომელიც ატლანტიკურმა საბჭომ მოიწვია. ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის შეფასებით, საქართველოსთვის ამერიკის შეერთებულ შტატებს მეტის გაკეთება შეეძლო. 

”ჩვენ შეგვეძლო, უფრო მეტი გაგვეკეთებინა საქართველოსთვის. მე მაშინ ვთქვი - დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ. იმიტომ, რომ ჩვენ ყველა ადამიანები ვართ. ბუშის ადმინისტრაციასთან საქართველოს საკითხზე რეაგირებასთან დაკავშირებით პრობლემები მქონდა. ვფიქრობ, სენატორ კრის მერფის არგუმენტი ღირებულია, მათ წარმატებას მიაღწიეს და რატომ არ უნდა წავიდნენ უფრო წინ”, - აღნიშნა მაკკეინმა.

ამერიკელმა სენატორმა კრის მერფიმ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ უკრაინის მოვლენების გათვალისწინებით, საქართველომ MAP-ის მიღება დაიმსახურა.

”რუსეთს უნდა გავუგზავნოთ მკაფიო გზავნილი ტრანსატლანტიკური მხრიდან. იმის გამო, რაც უკრაინაში მოიმოქმედეს, საფასურია გადასახდელი. მივანიჭოთ საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმა და დავადასტუროთ ღია კარის პოლიტიკა. უკრაინის მოვლენების გათვალისწინებით, საქართველომ დაიმსახურა MAP-ის მიღება. ზაფხულის სამიტზე ამ ნაბიჯის გადადგმა საჭიროა”, - თქვა მერფიმ.

ჯონ მაკკეინი სიტყვით გამოსვლისას ასევე უკრაინის საკითხსაც შეეხო. მისი შეფასებით, ევროპელები მნიშვნელოვან სანქციებს არ აამოქმედებენ იქამდე, სანამ რუსეთის ენერგიაზე იქნებიან დამოკიდებული. სენატორის თქმით, ამერიკას უნდა გაეგზავნა იარაღი უკრაინისთვის, არა იმიტომ, რომ რუსეთის დამარცხება შეეძლო, არამედ ეს მორალის საკითხი იყო.

კომენტარები