კრიზისი უკრაინაში

სანქციები რუსეთის წინააღმდეგ იაპონიამ და კანადამაც გააფართოეს

შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის შემდეგ, სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ იაპონია აფართოებს. ამ ქვეყანაში შესვლა კიდევ 23 რუს პოლიტიკოსს და ბიზნესმენს აეკრძალება. მათი ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება. ანალოგიური გადაწყვეტილება კანადის მთავრობამაც მიიღო - დამატებითი სანქციების სიაში ცხრა ადამიანი მოხვდა, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირები. ასევე, სანქციები დაუწესდა ორ რუსულ ბანკს.

ევროკავშირის გადაწყვეტილებით კი, რუსი მოხელეების სია, რომლებზეც ვიზები არ გაიცემა და რომელთა აქტივები გაიყინება, კიდევ 15 ადამიანით გაფართოვდა. მათი ვინაობა დღეს გახდება ცნობილი. მდგომარეობის ესკალაციის შემთხვევაში, ევროკავშირი მზადაა სანქციების მესამე ეტაპი შემოიღოს.

რუსეთის წინააღმდეგ შეერთებული შტატების ახალი სანქციების შესაბამისად, რომლებიც გუშინ გამოცხადდა, რუს მოხელეთა უკვე არსებულ სიას კიდევ შვიდი ადამიანი მიემატა, რომლებსაც სავიზო შეზღუდვები დაუწესდებათ და აქტივები გაეყინებათ. ასევე სანქციები 17 რუსულ კომპანიას უწესდება. 

კომენტარები