რუსული ოკუპაცია

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა ქართული მხარისგან დაკავებულების გაცვლას ითხოვს

რუსმა ოკუპანტებმა ხაშურის რაიონის სოფელ კლდისწყაროს მკვიდრი ორი ქართველი დააკავეს. ბესიკ გელაშვილი და გიორგი ხარაზიშვილი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად სოფელ თორჩანას ტერიტორიაზე ჯონჯოლს კრეფდნენ. დაკავებულების ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.

ამასთან, ცხინვალის ციხეში რჩება ხუთი ქართველი. ოკუპანტები მათი გათავისუფლების სანაცვლოდ გორის ტერაქტში ბრალდებული პირების გადაცემას ითხოვენ. ამ საკითხზე დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შესახებ ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. აღნიშნული მოთხოვნის შესახებ, კვირის პალიტრასთან ისაუბრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმაც. მისი თქმით, ხუთი ქართველის გათავისუფლების სანაცვლოდ დე ფაქტო ხელისუფლება გორის ტერაქტში მხილებული პირების გათავისუფლებას ითხოვს.

"ცხინვალის ციხეში ე.წ. საზღვრის დამრღვევების გარდა კიდევ ხუთი ქართველი იმყოფება. რამდენიმე დღის წინ ორმა მათგანმა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში დარეკა, რამაც ოსური მხარე გაანაწყენა – მათ რატომღაც მიიჩნიეს, რომ ეს ჩემი ინიციატივით მოხდა, არადა, არაფერი ვიცოდი. ეს ბატონები არიან მიდელაშვილი და ხუროშვილი. დანარჩენების გვარებს ვერ გეტყვით, რადგან მათი ოჯახის წევრების ნებართვა არ მაქვს. ოსური მხარე მიდელაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ ითხოვს საქართველოს ციხეში მყოფი ოსი პატიმრების გათავისუფლებას, რაც ადვილი არ არის – ისინი გორის ტერაქტში არიან მხილებული და უვადო პატიმრობა აქვთ მისჯილი. ჩვენ მოვახერხეთ ცხინვალის ციხიდან პატიმარ ჯერაპოვის გამოყვანა. მას ყველაზე გრძელვადიანი სასჯელი – 13 წელი ჰქონდა მისჯილი, თუმცა ქართული მედია ამ ფაქტს არ გამოხმაურებია", - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი. 

ამასთან, მინისტრის განმარტებით, ამ ხუთ პატიმარზე მათ ოსურ მხარესთან გამუდმებით აქვთ მოლაპარაკება და აღნიშნულის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებმაც იციან.

საპარლამენტო უმრავლესობისთვის დაკავებულების გაცვლა მიუღებელია. ვახტანგ ხმალაძის თქმით, საქართველოს მოქალაქეები სპეციალურად დააკავეს, რომ შემდეგ დამნაშავეებში გაეცვალათ.

კომენტარები