ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014

ქართულმა ოცნებამ 12 ქალაქში მერობის კანდიდატები დაასახელა

ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.

სპორტის სასახლეში გამართულ ყრილობაზე პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, განაცხადა, რომ საარჩევნო ბარიერი თვითმმართველობის არჩევნებისათვის 50%-ით განისაზღვრა. მან ასევე 12 თვითმმართველ ქალაქში მერობის კანდიდატები დაასახელა. პრემიერმინისტრის თქმით, ქართული ოცნება ისევ გამარჯვებისთვის არის მომართული. 

ირაკლი ღარიბაშვილმა თითოეული კანდიდატი პირადად წარადგინა და მათზე ისაუბრა.

კანდიდატების სია ასე გამოიყურება: 

  • ქუთაისი - შოთა მურღულია

მურღულია ამჟამად ასრულებს ქუთაისის მერის მოვალეობას. იგი 2013 წლის ნოემბრამდე ასრულებდა ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის მოვალეობას. მურღულია განათლებით ეკონომისტი და სამართალმცოდნეა და ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იგი კარგად იცნობს ქუთაისსა და ქალაქში არსებულ პრობლემებს. 

  • ბათუმი - გიორგი ერმაკოვი 

ერმაკოვი 2014 წლის თებერვლამდე ბათუმის ვიცე-მერის პოსტს იკავებდა. ბათუმის ყოფილი მერის, ჯემალ ანანიძის გადადგომის შემდგომ კი ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის პოზიცია დაიკავა. ერმაკოვი, ღარიბაშვილის თქმით, ბათუმში დაბადებული და გაზრდილი კანდიდატია. 

  • თელავი - პლატონ კალმახელიძე 

კალმახელიძე პრემიერმა დაახასიათა როგორც "ძირძველი თელაველი და წარმატებული მენეჯერი". 

  • ამბროლაური - რატი ნამგალაძე
  • რუსთავი - დავით ჯიქია 

ჯიქია ამჟამად რუსთავის მერის მოვალეობის შემსრულებელია. ღარიბაშვილის თქმით, მას აქვს სამეცნიერო ხარისხი ურბანულ დაგეგმარებასა და განვითარებაში, რაც მისივე აზრით, კანდიდატს გამოადგება მერის პოზციაზე. ჯიქია უკვე დაახლოებით 9 თვეა რაც რუსთავის მერის მოვალეობის შემსრულებელია. 

  • ახალციხე - გიორგი კოპაძე

კოპაძე ქალაქის მერის მოვალეობას ადრეც ასრულებდა. ამ დრომდე კი ის ქართული ოცნების რაიონულ ორგანიზაციას ხელმძღანელობს. 

  • მცხეთა - ავთანდილ ნემსიწვერიძე

პრემიერმა ავთანდილ ნემსიწვერიძე წარადგინა, როგორც ექიმი, რომელიც თბილისის უძველესი ქალაქის, მცხეთის მერობის კანდიდატად წარდგება ქართული ოცნების მხრიდან. 

  • ზუგდიდი - ირაკლი გოგოხია
  • გორი - ზურაბ ჯირგველიშვილი
  • ოზურგეთი - ბეგლარ სიორიძე

”ბატონი ბეგლარი გახლავთ ოზურგეთელი, არის სოფლის მეურნეობის სპეციალისტი, ბიზნესმენი, ძალიან კარგად ესმის ეს საქმე და ჰყავს უამრავი დასაქმებული ამ სფეროში” - თქვა ღარიბაშვილმა სიორიძის წარდგენისას.

  • ფოთი - ირაკლი კაკულია

კაკულია ქართული ოცნების ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარეა, 2014 წლის თებერვლიდან კი ფოთის მერის მოვალეობის შემსრულებელიც. 

  • თბილისი - დავით ნარმანია

თბილისის მერობის კანდიდატად ქართული ოცნება დავით ნარმანიას წარადგენს, ღარიბაშვილის თქმით, ნარმანია თბილისში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. 2014 წლის 14 აპრილს კანდიდატმა დავით ნარმანიამ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი დატოვა და მთლიანად ჩაერთო თბილისის მერის პოსტის მოსაპოვებლად წარმართულ კამპანიაში. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს გაიმართება.

კომენტარები