ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014

საგარეო უწყება: ODIHR-ი არჩევნებს საბიუჯეტო პრობლემების გამო ვერ დააკვირდება

საგარეო უწყება მინისტრ მაია ფანჯიკიძისგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საბიუჯეტო პრობლემების გამო ვერ დააკვირდება. ფანჯიკიძის თქმით კი, შესაძლოა, OSCE/ODIHR-მა საერთაშორისო დამკვირვებლები არ გამოგზავნოს, რადგან ადგილობრივი არჩევნები მათ კომპეტენციაში არ შედის. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებამ დამკვირვებლად მოწვევის წერილები გაუგზავნა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (7 თებერვალი და 11 მარტი), ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესს (11 მარტი), ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს (14 მარტი) და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს (14 მარტი).

"ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა საპასუხო წერილში (19 მარტი), მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მოწვევის დროულად გაგზავნისათვის და აცნობა, რომ საბიუჯეტო პრობლემების გამო ვერ მოახერხებს არჩევნებზე დაკვირვების განხორციელებას. იმ შემთხვევაში, თუ საბიუჯეტო დაბრკოლება აღმოიფხვრება, ODIHR-მა შესაძლოა გადახედოს თავის გადაწყვეტილებას", - აცხადებს სამინისტრო და დასძენს, რომ დანარჩენი სამი ორგანიზაციისგან, საპასუხო წერილი არ მიუღიათ.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) აკვირდებოდა საქართველოს როგორც 2010 წლის, ისე 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.

კომენტარები