საოკუპაციო ხაზი

რუსმა ოკუპანტებმა ხურვალეთში სამი ქალი დააკავეს

radiotavisupleba.ge

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთიდან სამი ქალი გაიტაცეს. ე.წ მესაზღვრეებმა რუსუდან ხუროშვილი, ლალი ხუროშვილი და ზეინაბ ხარხელი საოკუპაციო ხაზთან დააკავეს. გატაცებულების ახლობლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი შეხვდა და აღნიშნა, რომ ოსურმა მხარემ ქართველ სამართალდამცავებთან საუბრისას დაკავება დაადასტურა.

შიდა ქართლის გუბერნატორისთვის ჯერჯერობით უცნობია დაკავებულების ადგილსამყოფელი. წინასწარი ინფორმაციით, სამივე ქალბატონი ჯერ არ გადაუყვანიათ ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში და ისინი ხურვალეთთან ახლოს მდებარე რუსულ ბაზაზე, ღდულეთში იმყოფებიან.

“სამწუხაროდ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები კვლავ აგრძელებენ იგივე ქმედებებს და ჩვენი მოქალაქეების დაკავებას საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებულ სოფლებში. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ასევე მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები, რომ დაკავებულები უმოკლეს დროში გათავისუფლდნენ”, - განაცხადა ზურაბ რუსიშვილმა.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ქალბატონი ასთმით და ტუბერკულოზით არის დაავადებული და ბოლო თვეების განმავლობაში, მკურნალობის ინტენსიურ კურსს გადიოდა. სამივე დაკავებული სოციალურად დაუცველი ოჯახიდან არის.

კომენტარები