თომას მელიას ვიზიტი

გიორგი მარგველაშვილი თომას მელიას შეხვდა

facebook.com/Margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, თომას მელიას შეხვდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის დადებული ქარტიის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. მათ დემოკრატიზაციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს და შემდგომი საქმიანობის შესახებ იმსჯელეს. საუბარი მედიის თავისუფლების საკითხებსაც შეეხო.

"შეხვედრისას, ყურადღება რეგიონალურ საკითხებზეც გაამახვილეს, კერძოდ, აღინიშნა რეგიონში მიმდინარე პროცესები, რუსეთის პოლიტიკის გავლენა და რეგიონში პოზიტიური მაგალითის სახით, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი პოლიტიკური, ეკონომიკური, სატრანსპორტო თუ ენერგეტიკული თვალსაზრისით.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოში დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში დემოკრატიული კონსოლიდაციის გაღრმავების, პოლიტიკური სტაბილურობის დამკვიდრებისა და დემოკრატიული მმართველობის ნდობის ამაღლების ჭრილში.

ამას გარდა, ხაზგასმით აღინიშნა ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით დგამს. მხარეებმა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და შემდგომი სამოქმედო გეგმის შესახებაც იმსჯელეს და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივებიც განიხილეს", - წერია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტთან შეხვედრის დროს ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

კომენტარები