თომას მელიას ვიზიტი

თომას მელია არასამთავრობოების წარმომადგენლებს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თომას მელია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ქორთიარდ მარიოტში შეხვდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემო და თვითმმართველობის არჩევნები იყო.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის თქმით, საუბრის ძირითადი თემა იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და არჩევნებთან დაკავშირებით ის პოზიტიური და ნეგატიური მოვლენები, რაც ამასთან დაკავშირებით არსებობს. მისივე განმარტებით, პოზიტიურად შეფასდა ის ფაქტი, რომ პირველად იქნება პირდაპირი წესით არჩეული მერები და გამგებლები. თუმცა, მისივე თქმით, საუბარი იყო სხვა პრობლემატურ საკითხებზე, რაც ქვეყანაში კვლავ არსებობს.

სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას განცხადებით კი, მან ყურადღება გაამახვილა თვითმმართველობის რეფორმის შედეგებზე და იმ პრობლემებზე, რაც ამ მიმართულებით კვლავ არსებობს. მისივე თქმით, საუბარი შეეხო საჯარო სამსახურის შესახებ კანონში გატარებულ პრობლემატურ ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, არჩევნების შემდეგ თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული 13 ათასი თანამშრომელი სამსახურიდან იქნება გათავისუფლებული.

ლომჯარიას თქმით, ისინი საკმაოდ ინფორმირებული არიან ზოგადად არსებული გარემოს თაობაზე, რადგან ეს არ არის მათი პირველი ვიზიტი.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა კი ყურადღება გაამახვილა სამართალდამცველ უწყებებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე.

"ის, რომ სამართალდამცველ ორგანოებს სჭირდებათ რეფორმა, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიღრმისეული რეფორმა გატარდეს, როგორც პროკურატურაში, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროში, აქ საუბარი არ არის მხოლოდ კანონმდებლობაზე, საუბარია იმაზეც, თუ როგორი იქნება ამ კანონმდებლობის იმპლიმენტაცია ორგანიზებული. შესაბამისად, ძალიან გაგებით მოეკიდნენ იმას, რომ ჩვენ ვსაუბრობდით იმის შესახებ, რომ უნდა დავივიწყოთ ძველი პრაქტიკა და უკვე უნდა გადავიდეთ თანამედროვე მეთოდებზე", - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

გიგაურის განცხადებით, შესაბამისი ფორმატიდან გამომდინარე, სტუმრებს საკუთარი დამოკიდებულება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით არ დაუფიქსირებიათ, რადგან არასამთავრობოების მოსაზრებებს ისმენდნენ.

თომას მელია ამ წუთებში მედიის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული მედიაგარემოა. თავად თომას მელიას კომენტარი არ გაუკეთებია, ის განცხადებას შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს. ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდება პრეზიდენტს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს.

კომენტარები