სამთავრობო ცვლილებები

პრემიერი: ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ არავითარი გადატრიალება არ მოხდება

government.gov.ge

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „არავითარი სამთავრობო ცვლილება, გადაადგილება და სახელმწიფო გადატრიალება არ მოხდება". როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, სამთავრობო ცვლილებებსა და მინისტრების გადადგომასთან დაკავშირებით ჭორებს 6%-იანი ნაციონალური მოძრაობა აგორებს.

„ძალიან მაინტერესებს, რომელი მინისტრი აპირებს გადადგომას ან გადატრიალების მცდელობას. მეეჭვება, ჩვენს გუნდში იყოს ოთხი თუ ხუთი მოღალატე. მოღალატეებს საკადრისი პასუხი გაეცემათ, მაგრამ ძალიან მარტივი გასაგებია ეს სპეკულაციები. მათი მთავარი მიზანია, მოსახლეობაში შეიტანონ გარკვეული დაძაბულობა, არასტაბილურობის განცდა გააჩინონ და განწყობა გააუარესონ. საზოგადოებაში ძალიან პოზიტიური განწყობაა. მოსახლეობის 70%-ზე მეტი ძალიან ოპტიმისტურად უყურებს საქართველოს მომავალს და ჩვენი ხელისუფლების მიერ აღებული კურსი ბოლომდე იქნება მიყვანილი. მე ამას გპირდებით მთელი ჩვენი გუნდის სახელით და პირადად მე, როგორც პრემიერმინისტრი, ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ არავითარი ცვლილება, გადაადგილება და სახელმწიფო გადატრიალება არ მოხდება. ეს არის ნაციონალური მოძრაობის და იმ ადამიანების სპეკულაციები, რომლებიც არიან მათი ე.წ. აგენტი ჟურნალისტები და ამ ჭორებს მარტივად და პროფესიონალურად ავრცელებენ“, - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები