უკრაინის კრიზისი

ჯენ პსაკი: ვიცით, რომ უკრაინაში მოქმედ სეპარატისტებს რუსეთთან აქვთ კავშირი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრის დროს მოსკოვს მოუწოდა ჟენევის შეთანხმების შესრულებისთვის კონკრეტული ზომები მიიღოს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ განაცხადა. მისი თქმით, "შეერთებულ შტატებს საკმარისი მტკიცებულებები აქვს იმის შესახებ, რომ უკრაინაში მოქმედ სეპარატისტებს რუსეთთან აქვთ კავშირი".

"სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა რუსეთს, მიიღოს კონკრეტული ზომები ჟენევის შეთანხმების შესასრულებლად, მათ შორის საჯაროდ მოუწოდოს სეპარატისტებს გაათავისუფლონ მათ მიერ უკანონოდ დაკავებულ შენობები და ბლოკ-პოსტები, მიიღონ ამნისტიის პირობები და პრობლემები პოლიტიკური გზით გადაწყვიტონ. ასევე რუსეთმა უნდა დანიშნოს მაღალი რანგის დიპლომატი ეუთო-ს მისიაში, რათა ნათელი იყოს, რომ რუსეთს შეთანხმების შესრულება და ვითარების დეესკალაცია სურს, ასევე დაგმოს მძევლების გატაცების ფაქტები. რუსეთმა უნდა აჩვენოს ჟენევის შეთანხმების ერთგულება როგორც რიტორიკის, ასევე მოქმედების დონეზე" - თქვა ჯენ პსაკიმ. 

იმის შესახებ, რომ რუსეთი ჟენევაში მიღწეული შეთანხმებას არ ასრულებს, უკრაინის საგარეო უწყებამ განაცხადა. მეტიც, ოფიციალური კიევის აზრით, მოსკოვი აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციის ახალ კერებს ამზადებს. რეგიონში კვლავაც მოქმედებს რუსული სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ფორმირებები. კიევი მოსკოვს მოუწოდებს საჯაროდ მიმართოს სეპარატისტებს და მათ შენობების გათავისუფლება და იარაღის დაყრა მოსთხოვოს.

კიევში შეერთებულ შტატების ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმყოფება. დღეს იგი მოლაპარაკებებს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრ ტურჩინოვს შეხვდა. ბაიდენი ასევე მოლაპარაკებებს გამართავს პრემიერ არსენი იაცენიუკთან და პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვა. ბაიდენის ვიზიტის დროს უკრაინისთვის შეერთებული შტატების დახმარების საკითხები განიხილება.

კომენტარები