ირაკლი ალასანიას ინტერვიუ

ალასანია: მოთმინება და ნაციონალური მოძრაობისთვის რაღაცების პატიება მოგვიწევს

irakli alasania official /facebook.com

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, "მოთმინება და ნაციონალური მოძრაობისთვის რაღაცების პატიება მოგვიწევს". ამის შესახებ ალასანიამ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში თქვა. ამასთან, თავდაცვის მინისტრმა უარყო ინფორმაცია მისი ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირის შესახებ.

"ეს უსაფუძვლო ჭორებია. მეცინება, როდესაც ნაციონალურ მოძრაობასთან ჩემს კავშირებზე ლაპარაკობენ. მე ნაციონალურ მოძრაობას აღვიქვამ როგორც პოლიტიკურ ძალას, რომელთანაც არ უნდა გვქონდეს დაძაბული ურთიერთობა. კარგად მესმის მათი, ვისაც ძალიან ცუდად მოექცა სააკაშვილის ხელისუფლება, ვისაც დევნიდნენ და უდანაშუალოდ გამოამწყვდიეს ციხეში. ვიცი, რომ მათთვის ეს ძალიან მტკივნეული საკითხია და მინდა ვუთხრა: ჩვენი შვილების მომავლისთვის აუცილებელია, არ დავუშვათ ძალადობა პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ. ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ის საფრთხეები, რაც ქვეყანას ემუქრება და არ დავანახოთ სამყაროს, რომ შიგნიდან ვართ გახლეჩილი. აქედან გამომდინარე, მოთმინება და ნაციონალური მოძრაობისთვის რაღაცეების პატიება მოგვიწევს. ეს შემიძლია მე ვთქვა, რადგან შევძელი და ვაპატიე აფხაზებს, რომლებმაც მამა დამიხვრიტეს", - განაცხადა ალასანიამ და წინასაარჩევნოდ გამოცხადებული მორატორიუმის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. მისი თქმით, "მორატორიუმი სრულად უნდა შესრულდეს და საარჩევნო კამპანიის წარმართვის საშუალება ყველას უნდა მიეცეს".

ცნობისთვის, 14 აპრილს, ირაკლი ღარიბაშვილმა წინასაარჩევნო დაკავებებზე მორატორიუმი გამოაცხადა. პრემიერმა სამართალდამცავებს მოუწოდა, თავი შეიკავონ იმ ადამიანების დაკავებისგან, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულნი. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კი პოლიტიკურ პარტიებს სთხოვა, რომ უწყებათაშორის კომისიას აქტივისტების, შტაბების წევრებისა და ხელმძღვანელების სიები წარუდგინონ. 

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პრემიერის ინიციატივას პოლიტიკური ფარსი უწოდა და ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა, აპირებს თუ არა მთავრობა ენმ-ის აქტივისტებზე თავდასხმებზე მორატორიუმის გამოცხადებას. 

კომენტარები