კრიზისი უკრაინაში

იანუკოვიჩი: თუ არ ჩაატარებთ რეფერენდუმს, მოსალოდნელია სამოქალაქო ომი

Ukraine's President Yanukovich attends a meeting with World War Two veterans in Kiev
REUTERS

უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვიქტორ იანუკოვიჩი კიევის მოქმედ მთავრობას მიმართავს. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის მიმართვას რუსული საინფორმაციო სააგენტო იტარ ტასი ავრცელებს

სააგენტოს მიერ გავრცელებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ უკრაინამ სასწრაფოდ უნდა დააბრუნოს შეიარაღებული ძალები, ე.წ. ეროვნული გვარდია, აღმოსავლეთ უკრაინიდან მუდმივ სამხედრო ბაზებზე. ეს ქმედება აუცილებელია იმისათვის, რომ დაიწყოს მშვიდობიანი მოლაპარაკებები აღმოსავლეთ უკრაინელი ხალხის მიერ არჩეულ ლიდერებთან და რომ მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე აღარ დაემუქროს. 

"შეიარაღებული ძალების გამოყენება აღმოსავლეთში არაფერს შეცვლის. ხალხი შეშინებულია. თქვენ ტერორისტებად მონათლეთ მილიონობით ადამიანი. მათ არ აქვთ სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ დაიცვან საკუთარი უფლებები, სიცოცხლე და შთამომავლობა" - ნათქვამია იანუკოვიჩის მიმართვაში. 

ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აუცილებელია უკრაინის ცალკეულ რეგიონებში რეფერენდუმის დღის წესრიგში დაყენება ქვეყნის ფედერაციად გამოცხადებასთან დაკავშირებით. იგი ასევე ხედავს საჭიროებას ხალხს მიეცეს საშუალება გააკეთონ არჩევანი უკრაინაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო მმართველობას შორის. მისი აზრით, ასევე აუცილებელია კონსტიტუციონალური რეფორმის გატარება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები გააკონტროლებენ. 

"საჭიროა ამ ხუთი პირობის შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა აღმოჩნდება დისინტეგრაციის საფრთხის წინაშე. სავარაუდოა, რომ დაიწყება სამოქალაქო ომი. გონს მოეგეთ! თქვენ ძმებს ერთმანეთთან აპირისპირებთ და ჩვენ თავს დამტყდარი უბედურებისგან სხვები ნახავენ სარგებელს" - მიმართავს იანუკოვიჩი უკრაინის მოქმედ მთავრობას. 

იანუკოვიჩი ასევე მიმართავს სამხედრო მსახურებს და სპეციალურ ძალებს. იგი მათ აფრთხილებს, რომ მათ იყენებენ პირადი მიზნებისათვის და მიმართავს, რომ არ გადაკვეთონ ის საზღვარი, რომლის შემდეგაც სისხლის ღვრა იქნება მოსალოდნელი. "ნუ შეასრულებთ არასწორ ბრძანებებს!" - ნათქვამია ყოფილი პრეზიდენტის მიმართვაში. 

იანუკოვიჩი მოქალაქეებსაც მიმართავს და მოუწოდებს მათ შეინარჩუნონ სიმშვიდე და ურთიერთპატივისცემა, მიუხედავად იმისა, თუ რომელ რეგიონში ცხოვრობენ ისინი.

კომენტარები