კრიზისი უკრაინაში

ლავროვი: ჩვენ ვართ დიდი და დამოუკიდებელი ძალა, რომელმაც იცის, რა უნდა

ლავროვი
novinite.com

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინის ხელისუფლება ჟენევის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა, რომელიც უკრაინაში კრიზისის გადაწყვეტას ეხებოდა.

ლავროვის თქმით, კიევის ხელისუფლება, რომელიც მოსკოვისგან აღიარებული არ არის, არ დგამს ნაბიჯებს, განაიარაღოს უკანონო ჯგუფები, კერძოდ, მემარჯვენე ულტრანაციონალისტები. ლავროვმა დაგმო მაიდანზე მიმდინარე საპროტესტო აქციები.

გუშინ დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ სლოვიანსკში პრორუს აქტივისტებსა და უკრაინელებს შორის სროლის შედეგად სულ ცოტა 3 ადამიანი დაიღუპა. სეპარატისტების თქმით, შეტევა მემარჯვენე სექტორის სამხედროებმა განახორციელეს. კიევმა კი, შემთხვევას რუსი შეიარაღებული ძალების მიერ დადგმული "პროვოკაცია" უწოდა. ლავროვის თქმით, ინციდენტმა დაამტკიცა, რომ კიევს არ სურს "ექსტრემისტების" კონტროლი. მან ასევე აღნიშნა, რომ ჟენევის შეთანხმების მთავარი მოთხოვნა იყო, თავიდან აეცილებინათ ნებისმიერი ძალადობა, ეს კი არ სრულდება.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მსოფლიოს დანარჩენი ნაწილის მიერ რუსეთის იზოლაციის ნებისმიერი მცდელობა ჩავარდება. "ჩვენ ვართ დიდი და დამოუკიდებელი ძალა, რომელმაც იცის, რა უნდა", - აღნიშნა ლავროვმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კი ხელი მოაწერა დადგენილებას, რომელიც ყირიმელი თათრებისა და სხვა ეთნიკური უმცირესობების, რომლებმაც განიცადეს რეპრესიები იოსებ სტალინის მმართველობისას, რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

კომენტარები